სიდნეიში, მცენარეთა სელექციის ინსტიტუტში გამართულ ჟანგების გლობალური მონიტორინგის ბორლაუგის ვორკშოპსა და ხორბლის IX საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ზოია სიხარულიძემ. მკვლევარმა სამეცნიერო კონფერენციებზე სასტენდო მოხსენებები წარადგინა თემებზე: „ღეროჟანგას ქართული პოპულაციისადმი გამძლე ხორბლის ინტროდუცირებული გენოტიპების გამოვლენა“ („Screening of introduced wheat germplasm for resistance to stem rust in Georgia“) და „ხორბლის ყვითელი ჟანგა საქართველოში 2010-2013 წლებში“ („Wheat yellow rust in Georgia in 2010-2013“). გარდა ამისა, სამეცნიერო სესიების მონაწილეები გამძლეობის გენეტიკის განყოფილების კოლაბორატორი მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერების ნაშრომს გაეცნენ ხორბლის ღეროს ჟანგას ქართული პოპულაციის ერთობლივი კვლევის შედეგებზე.
66 ქვეყნის 650-ზე მეტი მეცნიერი სულ 114 ზეპირ და 450 სასტენდო მოხსენებას გაეცნო. მკვლევრებმა შეაჯამეს ხორბლისა და მისი ძირითადი დაავადებების კვლევის მიმდინარე მდგომარეობა, არსებული მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები.
კონფერენციის ფარგლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ზოია სიხარულიძე კერძო შეხვდა მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დაავადებების ლაბორატორიის წამყვან მეცნიერს პაბლო ოლივეირას. გარდა ამისა, საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს ერთობლივი რეგიონალური პროექტის განხორციელებაზე შუა აზიის ქვეყნების სელექციონერებმა.
უკან |