საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, ჩამოყალიბდეს ძლიერ საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრად და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს, რომელთა მიზანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური ძლიერება, ასევე ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება.
უნივერსიტეტი აცნობიერებს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონის განვითარებაში და პრიორიტეტად მიაჩნია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურის კვლევები, შავი ზღვის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის შესწავლა, ფიტოპათოლოგიური კვლევები, ასევე აგრარული მიმართულებისა და ტურიზმის განვითარება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულია, მისი უმთავრესი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, ღიაობა, ანგარიშვალდებულება, პიროვნული პოტენციალის სრულყოფილი რეალიზებისთვის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული სამეცნიერო კვლევების, სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაცია და მართვის პროცესის დინამიკური განვითარება.

უკან |