ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება მსოფლიოს უნიკალურ პერკოლაციური ტიპის სფაგნუმიან ტორფნარებს - ისპანი 2 და იმნათი იკვლევს. ამ უნიკალურობის გამო კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი ერგო ტორფნარების მსოფლიო რუკაზე. კოლხეთი არის ადგილის დედა მსოფლიო ფენომენის - მხოლოდ და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით მოსაზრდოვე პერკოლაციური ტიპის ტორფნარების არსებობისათვის, სწორედ ამის გამო იგი მსოფლიო მეცნიერებისა და გარემოსდამცველთა ყურადღების ქვეშაა.

კოლხეთის ჭარბტენიან ჰაბიტატებში ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი მონაწილეობით, მრავალი სამეცნიერო კვლევა ხორციელდება, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალურ პროფესორს, ტორფნარების კონსერვაციის საერთაშორისო ჯგუფის გენერალურ მდივანს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ ჰანს ჰიუსტენს.

პირველი მეცნიერული კვლევები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1929 წელს დაიწყო. 1999-2005 წლებში კვლევა განაგრძეს ქართველმა, ჰოლანდიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა. ჰანს იუსტენის, ჯონ კოვენბერგის, ჯენი შულცის, იზოლდა მაჭუტაძის, ანდრეას ჰაბერლისა და მარინე კახრმანის კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ისპანი 2 (ქობულეთი) და იმნათი (პალიასტომის ტბის აღმოსავლეთი, ცენტრალური კოლხეთი) – მსოფლიოს უნიკალური პერკოლაციური ტიპის სფაგნუმიანი ტორფნარებია.

სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, 2014 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის  ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება.

კოლხეთის ჭარბტენიან ჰაბიტატებში სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. მსოფლიო უნიკალური ჰიდროლოგიური რეჟიმის მქონე სფაგნუმიანი ტორფნარები ჰიდროლოგიური კვლევებისათვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ობიექტია. კოლხეთი, როგორც რელიქტური (კაინოზოური) ფლორისა და ფაუნის თავშესაფარი, განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს ზოოლოგებისა და ბოტანიკოსებისათვის. ეს  ტორფნარები ასევე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევის ადგილია პალინოლოგების, კლიმატოლოგების, არქეოლოგების, გეოლოგებისა დ ისტორიკოსებისათვის.

კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან ჰაბიტატებს 1997 წლიდან იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც გულისხმობს  მიგრირებადი, მობუდარი, წყალმცურავი და მიმომფრენი ფრინველებისათვის მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ჰაბიტატების დაცვას, რის გამოც იგი საინტერესო ადგილს წარმოადგენს ორნითოლოგიური კვლევებისათვის.

კოლხეთის ტორფნარებისათვის დამახასიათებელი გაუხრწნელი ტორფი და სფაგნუმის სახეობები მნიშვნელოვანია ფარმაცევტებისა და  მედიცინის სხვადასხვა სფეროს მეცნიერებისათვის. კოლხეთის ეროვნული პარკის ჭარბტენიან ჰაბიტატებში შესრულდა  ისეთი სადოქტორო კვლევები, რომელთა სამეცნიერო შედეგები საფუძვლად დაედება ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებას კოლხეთში. განყოფილება მუშაობს კოლხეთის დაცული ტერიტორიების კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის შემუშავებაზე, კოლხეთის მსოფლიო უნიკალური ჰაბიტატებისა და სახეობათა ბიომრავალფეროვნების in-situ&ex-situ კონსერვაციასა და გონივრულ გამოყენებაზე, ახორციელებს კვლევებს, რომლის სამეცნიერო შედეგები გამოყენებული იქნება დეგრადირებული ჰაბიტატების აღდგენის პროექტების შემუშავება/განხორციელებისას.

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოისტემების კონსერვაციის განყოფილება თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან:

  • CABI ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის საერთაშორისო ორგანიზაცია (შვეიცარია, დელემონტი)
  • გარემოს დაცვის მსოფლიო კავშირი მსოფლიო წითელი ნუსხა IUCN Red List (შვეიცარია, გლანდი)
  • UNESCO გარემოს დაცვის სამეცნიერო ორგანიზაცია (შვეიცარია , გლანდი)
  • ტორფნარების კონსერვაციის საერთაშორისო ჯგუფი (გერმანია, გრეიფსვალდი)
  • ტორფნარების გრეიფსვალდის სამეცნიერო ცენტრი (გერმანია, გრეიფსვალდი)
  • გრეიფსვალდის უნივერსიტეტი (გერმანია, გრეიფსვალდი)
  • მიხეი ზუკოვის ფონდი (გერმანია, გრეიფსვალდი)
  • ვეტლანდს ინტერნატიონალი (ნიდერლანდები, ვაჰენინგენი)
  • რამსარის კონვენცია (შვეიცარია, გლანდი)
  • მსოფლიო ბანკი
  • გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა