
30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ეროვნული სამეცნიერო ფონდის №FR-23-5165 საგრანტო პროექტის -„ხორბლის ღეროს ჟანგას, ფოთლის ჟანგას და ყვითელი ჟანგას პოპულაციის ვირულენტობის ფენოტიპური და გენეტიკური მრავალფეროვნება საქართველოში“ - უცხოელი კონსულტანტი, თურქეთის აკდენიზის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მეჰმეთ თექინი. მისი ვიზიტის მიზანი იყო პროექტის შუალედური სამეცნიერო შედეგების შეფასება, ერთობლივი კვლევების დაგეგმვა, ფბ ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბება.
1 ოქტომბერს, აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში გაიმართა სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის პერსონალი, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, სტუდენტები და ქობულეთის ორი სკოლის უფროსკლასელები. სემინარზე მოხსენებით წარსდგა უცხოელი კონსულტანტი მეჰმეთ თექინი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აკდენიზის უნივერსიტეტის საქმიანობა და საკუთარი კვლევები გააცნო. ზეპირი მოხსენებები წარადგინეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ზოია სიხარულიძემ, პროექტის კოორდინატორმა ქეთინო ნაცარიშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერმა, რუსუდან დუმბაძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე, სამეცნიერო სიახლეებსა და მარცვლოვანთა ჟანგების ეფექტურად მართვის ღონისძიებებზე.
2 ოქტომბერს, პროექტის კონსულტანტი გაეცნო უნივერისტეტის და ინსტიტუტის აკადემიურ და კვლევით საქმიანობას. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებთან - თამარ სირაძესა და გორგი ქათამაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გამძლეობის გენეტიკის განყოფილების სამეცნიერო პერსონალთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ კვლევებსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკდენიზის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივებზე.
| უკან |











