სამეცნიერო კვლევები

გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია

სამეცნიერო პროექტის დასახელება: გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ მგელაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: აკადემიური დოქტორი კახა ქამადაძე, დოქტორანტი სულხან ოქროპირიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის მიზანია გოდერძის უღელტეხილის კულტურული ძეგლების კვლევა, კერძოდ, ბეშუმის ნამოსახლარების ისტორიულ-ეთნოლოგიური და არქეოლოგიური შესწავლა.

გოდერძის უღელტეხილი და მისი შემოგარენი არაერთ კულტურულ ძეგლს შეიცავს. ისინი ძალზე საყურადღებოა არა მარტო კონკრეტულად სამეცნიერო-კვლევითი, არამედ მხარის ისტორიული წარსულის რეკონსტრუქციისა და მისი ტურისტულ მარშრუტში ასახვის თვალსაზრისით.
პროექტით გათვალისწინებული კომპლექსური - ისტორიული, ეთნოლოგიური და არქეოლოგიური კვლევის გაგრძელების საკითხი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. მისი გადაჭრა პირდაპირაა დაკავშირებული გოდერძის უღელტეხილის უძველესი ისტორიის რიგი საკითხის რეკონსტრუქციასთან. მეორე მხრივ, წარმოდგენილი ეთნო-არქეოლოგიური გამოკვლევა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამთო არქეოლოგიის მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება, რომელიც თანდართული ისტორიულ-ეთნოლოგიური კვლევით გოდერძის უღელტეხილს, როგორც ტურისტულ ადგილს, უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის უმთავრესი სამეცნიერო შედეგი გოდერძის უღელტეხილის ისტორიულ-ეთნოლოგიური და არქეოლოგიური კვლევა იქნება. ეს საკითხი დიდი ხანია (XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან) დგას დღის წესრიგში. პროექტის მონაწილეები შორს არიან იმ აზრისაგან, რომ ეს ერთი პროექტი გოდერძის უღელტეხილის არქეოლოგიური კვლევის დასრულებას შეძლებს, მაგრამ ეს ბეშუმის ნამოსახლარების არქეოლოგიური კვლევისადმი პირველი ფუნდამენტური, კომპლექსური მიდგომა იქნება. საბოლოოდ მივიღებთ ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ხასიათის ნარკვევს, სადაც კონკრეტული ადგილის ისტორია წარმოჩენილი იქნება უძველესი დროიდან დღემდე. წინასწარი მოლოდინით კვლევამ ფაქტობრივი არქეოლოგიური მასალებით უნდა დაადასტუროს აჭარისწყალსა და ქვაბლიან-ფოცხოვის ხეობებზე გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზის სიძველე, მისი მნიშვნელობა თუ სხვა სახის ისტორიული რეალობა. ვფიქრობთ სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს გარემოება მნიშვნელოვანი იქნება და ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შესაბამისი დარგების წინსვლა-განვითარებას.

პროექტის მეორე შედეგად თავად გოდერძის უღელტეხილის პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციის ზრდისათვის თეორიული საფუძვლების მომზადება მიგვაჩნია. მომზადებული პუბლიკაცია და მონაცემთა ელექტრონული ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ბუნებრივია პროექტის ფარგლებში ამ კუთხით ვერ შევძლებთ ტურისტული ხასიათის პროდუქციის შექმნას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კურორტ „ბეშუმის” და სამთო-სათხილამურო კომპლექს - „გოდერძის” განვითარება სამთავრობო დონის სტრატეგიას წარმოადგენს, პროექტის შედეგებზე დაყრდნობით ტურიზმის სააგენტოს თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურას შეეძლება სასურველი შინაარსისა და ფორმატის ტურისტული საცნობარო მასალების მომზადება. პროექტის შედეგების, როგორც სასწავლო და კვლევითი მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება, მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ ისტორიული, ეთნოლოგიური თუ არქეოლოგიური ხასიათის საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომების მოსამზადებლად, ასევე, ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა