სამეცნიერო კვლევები

სტომატოლოგიური კლინიკა „ბსუ დენტი“

ბსუ-ში 2016 წლიდან  საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა „ბსუ დენტი“ ფუნქციონირებს, სადაც სტომატოლოგიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსისა და რეზიდენტურის სტუდენტები კლინიკურ მეცადინეობებს გადიან. კლინიკაში სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის სასწავლო ორთოპედიის, ოდონტოლოგიის, საფანტომო, თერაპიის,  რადიოვიზიოგრაფიისა  და დეკონტამინაციის კაბინეტებია განთავსებული. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე  აპარატურით: პორტატული სტომატოლოგიური დანადგარებით,  ფანტომებით, მულაჟებით, აუდიო-ვიდეო  მონიტორებითა და კომპიუტერული ტექნიკით. კლინიკაში სამედიცინო და ფინანსური დოკუმეტაციის წარმოება ხორციელდება ელექტრონული პროგრამის "MEDWORK" საშუალებით. საუნივერსიტეტო კლინიკაში ‘’ბსუ დენტი’’ კლინიკურ სწავლებასთან ერთად პაციენტთა მიღება ხორციელდება. უნივერსიტეტის სტუდენტები  და თანამშრომლები შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობენ.

ფრიდონ ჯაფარიძე

კლინიკის "ბსუ დენტი" დირექტორი

კლინიკის შექმნის ისტორია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის სპეციალობის დაფუძნებიდან გარკვეული  პერიოდის შემდეგ, კერძოდ 2004 წელს გაიხსნა პატარა სასწავლო კლინიკა.  სასწავლო პროგრამის განვითარებასთან ერთად აუცილებელი გახდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა არსებული კლინიკის განახლებისა და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვის საკითხი. აქედან გამომდინარე კლინიკამ ახალი სახე მიიღო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ნებისმიერი მოქალაქისთვის.

კლინიკის მიზანი
ბუნებრივია, კლინიკის მიზანია ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება, ასევე დაასაქმოს რეზიდენტურის წარმატებული სტუდენტები. თუმცა, გარდა აღნიშნულისა, გვსურს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, კერძოდ მოვემსახუროთ უცხოეთის მოქალაქეებს. ჩვენთან სტომატოლოგიური მომსახურება გაცილებით იაფია სხვა ევროპულ და აზიის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ზაფხულში ხშირად გვყავს უცხოელი პაციენტები და კმაყოფილი ტოვებენ ჩვენს კლინიკას. გვაქვს სურვილი სასტუმროებთან და ტურ-ოპერატორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით.

კლინიკის მუშაობა
სტომატოლოგიური კლინიკა საკმაოდ წარმატებით მუშაობს. მიღებული პაციენტების რაოდენობის დინამიკა მზარდია. კლინიკა აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს, აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ერთადერთ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს პანდუსის არარსებობა, რაც ვფიქრობ, სამომავლოდ გამოსწორებადია. რეგიონში ერთ-ერთი საჩვენებელი კლინიკა ვართ.  მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის გარეშე ვმუშაობთ, კლინიკა საკმაოდ დატვირთულია.

თეორია და პრაქტიკა
მედიცინაში თეორიული ცოდნის მიღება არასდროს არის საკმარისი. ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში სტომატოლოგიის მიმართულებით საკვალიფიკაციო გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით  ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო. თუმცა აქამდე არ გვქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალება, რესურსი იმისა, რომ აქტიურად გვემუშავა პრაქტიკულ უნარებზე. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო თეორიულ სწავლებაზე. თუმცა დღეს უკვე არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისად სტუდენტებს  პრაქტიკის გავლის საშუალება აქვთ.

სოფიკო დავითაძე

ბსუ-დენტის ექიმი

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი-სტომატოლოგი

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გავიარე რეზიდენტურის კურსი თბილისში. რამდენიმე თვე ვიმყოფებოდი და ვმუშაობდი გერმანიაში, ერთ-ერთ  კლინიკაში. მაქვს 7-წლიანი გამოცდილება.

საბოლოოდ, ბათუმში დაბრუნება გადავწყვიტე. უკვე 5 წელია ვარ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი. სურვილი მქონდა ჩემი პრაქტიკული ცოდნა სტუდენტებს ენახათ და გაეზიარებინათ, ამის საშუალებას კი კლინიკაში მუშაობა იძლევა. სტუდენტები ხშირად გადიან პრაქტიკას კლინიკაში. ბუნებრივია, პაციენტებთან შეხება არა აქვთ, თუმცა ჩვენთან არის მულაჟები რომლებზეც შეუძლიათ პრაქტიკის გავლა, ჩაატარონ სხვადასხვა მანიპულაცია, გვიყურონ მუშაობის პროცესში. 

 

კმაყოფილი ვარ, რომ ამ კლინი კის ნაწილი ვარ. ვფიქრობ, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი თანამედროვე  ტექნიკური ბაზა. პაციენტების მომსახურება ხდება თანამედროვე, ხარისხიანი მასალებით. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ პაციენტების კეთილგანწყობა. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად გავფართოვდეთ, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ.

პაციენტების დინამიკა მზარდია და ამ ეტაპისთვის გახსნილი სტომატოლოგიური კლინიკისთვის მომართვიანობა ნორმალურია. პაციენტები ძირითადად არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები. სტუდენტებისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი შეთავაზებები, ფასდაკლებები, საჭიროა მხოლოდ ცნობის წარდგენა, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლობენ.

ელისო სურმანიძე

კლინიკის „ბსუ დენტი“ სპეციალისტი

ბსუ დავამთავრე, მაქვს დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი. მაგისტრატურაზე  სწავლა გავაგრძელე ეკონომიკის მიმართულებით. მაგისტრატურის შემდეგ ბუღალტრულ სფეროში ვიყავი დასაქმებული, გახლდით ფინანსური მენეჯერი სხვადასხვა კომპანიაში. საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობდით ფინანსების მიმართულებით, თუმცა გადავწყვიტე სამედიცინო სფეროს დავბრუნებოდი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებ სწავლას რეზიდენტურაში და ვმუშაობ „ბსუ დენტში“.

ამ ეტაპზე ჩემს მოვალეობაში შედის ფინანსური მხარის უზრუნველყოფა. კლინიკაში მუშაობა პროფესიული წინსვლის საშუალებას იძლევა. თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებ. ჯანდაცვისა და ეკონომიკის მხრივ ბსუ-ში მიღებული განათლება მეხმარება ჩემს საქმიანობაში. მხოლოდ ფინანსური განათლება არ არის საკმარისი, საჭიროა სტომატოლოგიის მიმართულებითაც გარკვეული ცოდნის ფლობა, როგორიცაა მომსახურების სერვისები, პაციენტთან ურთიერთობა, ზუსტი ტერმინოლოგიისა და დაავადების ცოდნა.

სამომავლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბსუ დენტი“ იგეგმება ტექნიკური ბაზის განახლება. დაემატება სხვადასხვა პროფილი, მათ შორის ბავშვთა სტომატოლოგია და ორთოდონტია. ასევე, მუშაობა დაიწყება „3D“ პროგრამით სწავლებაზე, რომელიც თანამედროვე სწავლების მეთოდია და აღნიშნული სიახლით საქართველოში არცერთი უნივერსიტეტი არ სარგებლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა