მართვის ორგანოები

აკადემიური საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში „უნივერსიტეტი“/„ბსუ“) აკადემიური საბჭოს რეგლამენტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესსა  და პროცედურას.
  2. აკადემიური   საბჭო   თავის   საქმიანობას   ახორციელებს   საქართველოს   კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა აქტების შესაბამისად.
  3. აკადემიურ საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი წარწერით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“.
  4. აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია (სამუშაო ოთახია)ქალაქი ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35, უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობის (პირველი კორპუსის) მე-2 სართულზე მდებარე ოთახი.

მუხლი 2. აკადემიური საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა

  1. ბსუ-ს აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც 4 წლის ვადით აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი,  თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარულიკენჭისყრით. 
  2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: რექტორი - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს წევრები.
  3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს ჰყავს ერთი წარმომადგენელი.
  4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  5. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე წილისყრით ვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა იქნება 2 წელი.
  6. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ აირჩევა სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.
  1. დაუშვებელია:

ა) ერთიდაიგივე პირი იყოს ორი ან მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში;

ბ) აკადემიური საბჭოს წევრი იმავდროულად იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;

გ) აკადემიური საბჭოს წევრს, გარდა რექტორისა,  ეკავოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობა;

დ) ერთიდაიგივე პირი იყოს წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან, ასევე უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტიდან;

ე) აკადემიური საბჭოს წევრს ეკავოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობა.

  1. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 

ე) იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება, საიდანაც არჩეულია აკადემიურ საბჭოში;

ვ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.

9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტარდება არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად.

10. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი.

   მუხლი 3. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს რექტორი- აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

2. აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბსუ-ს წესდების შესაბამისად:

2.1. შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

2.2. ფაკულტეტების ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

2.3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით:

2.3.1. ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; 

2.3.2. განიხილავს და ამტკიცებს   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; 

2.4. განსაზღვრავს და ახორციელებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს.

2.5. უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის  სამეცნიერო   საბჭოს   წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

2.6. უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის წარდგინებით    განიხილავს   და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  დებულებას   და   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

2.7. განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

2.8.   ფაკულტეტის     წარდგინებით     განიხილავს     და     ამტკიცებს    უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების    შესრულებაში    მონაწილეობის,    აგრეთვე    სტუდენტთა    სამეცნიერო    საგრანტო    პროექტებში,  ადგილობრივ და  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

2.9. ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბსა და  ჰიმნს.

2.10. ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

2.11. აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ, ადგენს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს და რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

2.12. წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

2.13. წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

2.14. წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

2.15. მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

2.16. სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

2.17. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;

2.18. აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;

2.19. ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

2.20.  ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

2.21. წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

2.22. აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოტივირებული წინადადებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

2.23. ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

2.24. განსაზღვრავს აკადემიური (მოწვეული) პერსონალის პედაგოგიური დატვირთვისა და სტუდენტთა ჯგუფებში ზღვრულ ოდენობას  და  დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით  საბჭოს;

2.25. ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

2.26. ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

2.27.სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ათავისუფლებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

2.28. თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ამ რეგლამენტით;

2.29. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/ფაკულტეტების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ახალი ფაკულტეტის შექმნის შესახებ და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

2.30. პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშს;

2.31. ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით განსაზღვრავს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხას;

2.32.სიითი შემადგენლობის 2/3 (ორი მესამედით) იღებს გადაწყვეტილებას:

2.32.1. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე;

2.32.2. ბსუ-ს ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე.

2.33. ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

2.34. იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

2.35. შეიმუშავებს უნივერსიტეტის პროფესორებისა და სამეცნიერო პერსონალის  ატესტაციის წესს (პროცედურულ საკითხებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს) და დასამტკიცებლად უგზავნის წარმომადგენლობით საბჭოს.

2.36. იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

2.36. წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

2.37. ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3.  აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ/ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და  სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.

  მუხლი 4. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი

  1. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის მიერ. 
  2. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომებს უძღვება რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე რექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომას შეიძლება გაუძღვეს საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.
  3. აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყებამდე, აკადემიური საბჭოს წევრი შესაბამის ფორმაზე ხელმოწერით აფიქსირებს სხდომაზე გამოცხადების ფაქტს (რეგისტრაცია სამდივნოში), რაც დაერთვის სხდომის ოქმს. აკადემიური საბჭოს წევრი ასევე ვალდებულია, სხდომის გამართვამდე წერილობით შეატყობინოს აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ და არაუგვიანეს მომდევნო სხდომისა, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ცნობა ან/და სხვა სახის მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  4. სამდივნოს უფროსი აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყებისთანავე წარუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას (დოკუმენტაციას) აკადემიურ საბჭოს.
  5. აკადემიური საბჭოს წევრის სამეცნიერო-შემოქმედებით შვებულებაში  (ქალაქგარეთ) ან მივლინებაში ყოფნისას აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მისი ჩართვა და კენჭისყრაში მონაწილეობა განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს აკადემიური საბჭოს წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი და შესაძლებელი იყოს მისი ხმის იდენტიფიცირება.
  6. აკადემიური საბჭოს წევრის მიერ აკადემიური საბჭოს სხდომაზე ან/დასხვა დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 6-ჯერ გამოუცხადებლობა მიიჩნევა აკადემიური საბჭოს წევრის მხრიდან ჩადენილ უხეშ დისციპლინურ გადაცდომად და არაეთიკურ ქმედებად.
  7. აკადემიური საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ განაცხადი, დადგენილების პროექტთან ერთად, როგორც წესი, აკადემიური საბჭოს სამდივნოში უნდა შევიდეს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით სხდომის დღის წესრიგის პროექტს (დადგენილებების პროექტებთან ერთად) დაუგზავნის აკადემიური საბჭოს წევრებს, რომელთაც შეუძლიათ ორი დღის ვადაში დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხები.  აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგის საბოლოო პროექტი სამი დღით ადრე ქვეყნდება ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე და სტრუქტურული ერთეულების (კანცელარიასთან, ფაკულტეტების და დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულების) საინფორმაციო დაფებზე. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
  8. აკადემიური საბჭოს სხდომა არის საჯარო.  საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეული იქნან პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხდომის დღის წესრიგის საკითხთან. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. (თანხმობა დასტურდება ხელის აწევით). კენჭისყრის მიმდინარეობისას იკრძალება აკადემიური საბჭოს წევრის მიერ სხდომის დარბაზის დატოვება.
  9. აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აკადემიური საბჭოს სხდომა ან მისი გარკვეული ნაწილი (რომელიმე საკითხის განხილვისას) დაიხუროს ან ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
  10. საბჭოს სხდომა მიმდინარეობს არაუმეტეს სამი საათისა. სხდომის მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს დამსწრე საბჭოს წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით.
  11. მომხსენებელთა გამოსვლის (პროექტის წარმოდგენის) დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო საბჭოს წევრის მიერ მოსაზრების გამოთქმა - 5 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე მოსაზრება საბჭოს წევრმა შეიძლება გამოთქვას მხოლოდ ორჯერ. ეს დრო შეიძლება შეიცვალოს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან საერთოდ შეწყვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
  12. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. აკადემიური საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება.
  13. აკადემიური საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე, მისთვის კანონმდებლობითა და წინამდებარე რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,  კენჭისყრის შედეგად იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და დაერთვის ოქმს.
  14. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული დადგენილება ქვეყნდება ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ბსუ-ს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში,  გაზეთში ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ - აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  15. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საბჭოს მდივანი) ადგენს ოქმს. სხდომის მიმდინარეობა ასევე იწერება აუდიოფირზე (ჩაწერას და ასევე ჩანაწერის შენახვას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
  16. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) სხდომის თარიღი, დრო და ადგილი;

ბ) სხდომის თავმჯდომარის, წევრების, ასევე მოწვეულ პირთა ვინაობა;

გ) დღის წესრიგი;

დ) სიტყვით გამომსვლელთა ტექსტის (მოკლე) შინაარსი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

  1. სხდომის ოქმს დაერთვის გამომსვლელთა (მომხსენებელთა) მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა.
  2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და საბჭოს  სამდივნოს უფროსი (სხდომის მდივანი). ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი.
  3. აკადემიური საბჭო გამოსცემს წარდგინებას:

ა) ბსუ-ს წესდების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის (ბსუ-ს ბიბლიოთეკის დებულების წარდგენა წარმომადგენლობითი საბჭოში) გათვალისწინებულ საკითხზე;

ბ) ბსუ-ს წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა წარმომადგენლობით საბჭოში) გათვალისწინებულ საკითხზე;

გ) ბსუ-ს წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა წარმომადგენლობით საბჭოში) გათვალისწინებულ საკითხზე;

დ) ბსუ-ს წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით  (აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების; უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების; სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების წარდგენა) გათვალისწინებულ საკითხებზე;

ე) აკადემიური საბჭოს  სხდომაზე აკადემიური საბჭოს წევრის ან/და მოწვეული პირის, ასევე მომხსენებლის მიერ აკადემიური საბჭოს სხდომაზე არაეთიკური ქმედების ჩადენის შემთხვევაში;

ვ) ამ რეგლამენტით, ბსუ-ს წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

მუხლი 5. აკადემიური საბჭოს სამდივნო

1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.

2. აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი:

ა)  აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომის გამართვის თარიღს, სხდომის დღის წესრიგის პროექტს და ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის შესაბამისად, თანდართულ პროექტებთან და სხვა მასალასთან ერთად აწვდის ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს;

ბ) ორგანიზებას უწევს  სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და მიღებული დადგენილებების  ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბსუ-ს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში,  გაზეთში „ბათუმის უნივერსიტეტი“  გამოქვეყნებას;

გ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრების სხდომაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციის (გამოცხადების შემთხვევაში - ხელმოწერებით დადასტურება; გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საპატიო მიზეზის მითითება) აღრიცხვას;

დ) აწარმოებს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს და უზრუნველყოფს აუდიოფირზე ჩაწერის გამართულობას;

ე) ვალდებულია აკადემიური საბჭოს აქტები დროული მიაწოდოს (სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურული ერთეულებს და პირებს; 

ვ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს საქმისწარმოებას (სამსახურეობრივი მიმოწერა, სხდომის ოქმების/დადგენილებების/წარდგინებების/განცხადებების აღრიცხვასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას, ასევე აუდიოჩანაწერების შენახვას;

ზ) პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ბეჭდის გამოყენებაზე და შენახვაზე;

თ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის (სამართლებრივი აქტების), როგორც რეაქტიულ, ისე პროაქტიულ გამოქვეყნებას (საჯარო ინფორმაცია), ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;

ი) აწარმოებს აკადემიური საბჭოს წევრთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვებას და შენახვას, ასევე მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის მონაცემების სტატისტიკურ აღრიცხვას და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სხდომაზე აწვდის ინფორმაციას აკადემიურ საბჭოს;

კ) ვალდებულია აკადემიურ საბჭოს დამატებით წარუდგინოს წლიური, გაერთიანებული ანგარიში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

3. აკადემიური საბჭოს სამდივნო კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების მასალებს (ნომენკლატურის შესაბამისად) გადასცემს შესანახად  ბსუ-ს კანცელარიას (არქივს).

მუხლი 6. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა