
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ქალბატონმა ნათია ფარტენაძემ ახალი წიგნი, სახელწოდებით „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“ გამოსცა. წიგნი განკუთვნილია სკოლის მასწავლებლების, ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის, ლინგვისტიკის და ქართული სინტაქსის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ნათია ფარტენაძემ 1988 წელს დაამთავრა ბათუმის მე-13 საშუალო სკოლა, 1995 წელს კი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა წარჩინებით. შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა უკავშირდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ახალი ქართული ენის მიმართულებით გააგრძელა კვლევა ასპირანტურაში. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზმნისწინი საშუალ ქართულში“.
მისი სამეცნიერო ინტერესი მოიცავს ქართული ენის გრამატიკას, კერძოდ, ახალი ქართული ენისა და სინტაქსის საკითხებს. ქალბატონი ნათია წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიურ და ადმინისტრაციულ სფეროში. ამბობს, რომ მისთვის „პროფესიული საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია სტუდენტებთან ურთიერთობა, ცოდნის გაზიარება და ქართული ენის კვლევისა და სწავლების განვითარებაში წვლილის შეტანა“.
„მჯერა, რომ უნივერსიტეტის პროფესორის პასუხისმგებლობა მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება, იგი გულისხმობს ახალი ცოდნის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი თაობის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას“, - აღნიშნავს „გაზეთ ბათუმის უნივერსიტეტთან“ საუბარში.
_ ქალბატონო ნათია, ახლახან აუდიტორიამ მიიღო თქვენი ახალი წიგნი „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“. გთხოვთ, უამბეთ გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს, რა გახდა ამ წიგნის შექმნის მიზანი და რას მოიცავს აღნიშნული სახელმძღვანელო?
წიგნის შექმნის მთავარი მიზანი იყო, ისეთი სახელმძღვანელო გამომეცა, რომელიც ქართული ენის სინტაქსის თეორიულ შესწავლას სწავლების მეთოდიკურ გააზრებას დაუკავშირებდა. ჩემი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს, რომ სინტაქსის სწავლებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გრამატიკული წესებისა და ცნებების ცოდნა, არამედ წინადადების აგებულების გაცნობიერება, სინტაქსურ მოვლენებს შორის კავშირების დანახვა და თეორიული ცოდნის გააზრებულად გამოყენება.
ამ საკითხზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დავიწყე, თუმცა დიდხანს თავს ვიკავებდი ამგვარი სახელმძღვანელოს შექმნისგან. კარგად მქონდა გაცნობიერებული, რამდენად საპასუხისმგებლოა ასეთი ნაშრომის მომზადება. საჭირო იყო არა მხოლოდ საგნის ღრმა ცოდნა, არამედ მასალის ისეთი ორგანიზება და წარმოდგენა, რომელიც ჩემს ჩანაფიქრს გაამართლებდა და მკითხველისთვის რეალურად სასარგებლო იქნებოდა. მაფიქრებდა ისიც, შევძლებდი თუ არა ისეთი სახელმძღვანელოს შექმნას, როგორსაც თავად ვისურვებდი. საბოლოოდ, ცხოვრების გარკვეულმა გარემოებებმა კიდევ უფრო მკაფიოდ მიჩვენა, რომ გადადების ნაცვლად უნდა მემოქმედა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა და ჩემი ცოდნა-გამოცდილება ისეთი ნაშრომის შესაქმნელად გამომეყენებინა, რომელიც სხვებისთვისაც ღირებული იქნებოდა.
ამ გადაწყვეტილების განმტკიცებაში სასწავლო პროცესში დაგროვილმა გამოცდილებამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სტუდენტებთან მუშაობისას არაერთხელ დავრწმუნდი, რომ სქემები და სტრუქტურულად ორგანიზებული მასალა მათ რთული სინტაქსური საკითხების გააზრებას უადვილებდა. ამან კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, შემექმნა სახელმძღვანელო, რომელშიც გრამატიკული საკითხები სისტემურად, თვალსაჩინოდ და მეთოდიკურად გააზრებული ფორმით იქნებოდა წარმოდგენილი.
სახელმძღვანელო „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იგი აერთიანებს მარტივი წინადადების სინტაქსის ძირითად საკითხებსა და მათი სწავლების მეთოდიკურ გზებს. ყურადღება გამახვილებულია სინტაქსური ცნებების გააზრებაზე, წინადადების სტრუქტურულ ანალიზზე, ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებასა და იმ სირთულეებზე, რომლებიც ამ საკითხების შესწავლისას შეიძლება წარმოიშვას.
წიგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა მასალის ორგანიზება. თეორიულ საკითხებს ახლავს ტერმინოლოგიური განმარტებები, სტრუქტურული მოდელები, ცოდნის შესამოწმებელი დავალებები და პრაქტიკული აქტივობები. ამგვარი მიდგომა მკითხველს ეხმარება, მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებით არ შემოიფარგლოს და შეძლოს სინტაქსური მოვლენების გაანალიზება, ერთმანეთთან დაკავშირება და არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა.
_ ვინ არის წიგნის მიზნობრივი აუდიტორია?
სახელმძღვანელოს ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და მომავალი მასწავლებლები არიან, რადგან მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ენის სინტაქსის საფუძვლიანი ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკური გააზრება. წიგნი ასევე განკუთვნილია მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ცდილობენ, რთული გრამატიკული საკითხები მოსწავლეებს უფრო გასაგებად, თანმიმდევრულად და სქემების დახმარებით აუხსნან.
ამასთან, სახელმძღვანელო გამოადგება ქართული ენისა და გრამატიკის საკითხებით დაინტერესებულ სხვა მკითხველებსაც. ჩემი სურვილია, წიგნი დაეხმაროს ყველას, ვისაც მარტივი წინადადების სინტაქსის შესწავლა სურს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ სტრუქტურულად გააზრებული, სისტემური მიდგომითაც.
ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, განსაკუთრებული სიხარულია, როცა სტუდენტი რთულ საკითხს გაიაზრებს, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდება და ცოდნას დამოუკიდებლად იყენებს. სწორედ ამ სურვილით შევქმენი ეს სახელმძღვანელო. მინდა, სტუდენტებს სწავლა გავუადვილო, ქართული ენისადმი ინტერესი გავუღვივო და ვაჩვენო, რომ გრამატიკა, სწორად გააზრების შემთხვევაში, არც რთულია და არც მოსაწყენი. მჯერა, რომ ცოდნის გაზიარება ყველაზე მეტად მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა ის სხვას განვითარებაში ეხმარება.
_ წიგნს თან ერთვის, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. თუ საიდუმლო არ არის, რას მოიაზრებთ მეორე ნაწილში და როდის იხილავს მას აუდიტორია?
მეორე ნაწილის გამოიცემას ვაპირებ შემდეგი სათაურით „რთული წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“. მასში განხილული იქნება შერწყმული, რთული თანწყობილი, რთული ქვეწყობილი წინადადებებისა და ზერთული კონსტრუქციების სინტაქსური თავისებურებები და მათი სწავლების მეთოდიკა. ამ ეტაპზე ვმუშაობ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და არაფერმა შემიშალა ხელი, მომალ წელს გამოვა.
მეორე ნაწილშიც შენარჩუნებული იქნება პირველი წიგნის სტრუქტურა და კონცეფცია. ამ წიგნის შექმნის საჭიროებას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით თანამედროვე მოთხოვნებსა და მიდგომებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოს არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია მარიამ თალაკვაძის „ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა“, რომელიც 1957 წელს გამოიცა და გახლავთ ქართული ენის სწავლების მეთოდიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა მასში, ბუნებრივია, ვერ აისახებოდა ის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და მოთხოვნები, რომლებიც დღეს სასწავლო პროცესის ორგანიზებას განსაზღვრავს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ახალი მეთოდიკური ლიტერატურის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის თანამედროვე პრინციპებს, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, გრამატიკული მასალის სქემატურად და სისტემურად წარმოდგენის შესაძლებლობასა და ცოდნის გააზრებულად გამოყენებაზე მიმართულ აქტივობებს. სწორედ ამ საჭიროების პასუხად შევქმენით ჩვენი სახელმძღვანელო და ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.
მეორე ნაწილის გამოცემის შემდეგ მსურს, ორივე წიგნი გავაერთიანო და გამოვცე ერთიანი სახელმძღვანელო - „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“. ვფიქრობ, ეს სტუდენტებსა და მასწავლებლებს ქართული ენის სინტაქსის საკითხების ერთიან, თანმიმდევრულ და მეთოდიკურად გააზრებულ სივრცეში შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
ჩემი სამომავლო გეგმები სინტაქსით არ შემოიფარგლება. შემდგომ პერსპექტივაში მსურს შევქმნა სახელმძღვანელო „ქართული ენის მორფოლოგია - სწავლების მეთოდიკა“, საბოლოო მიზანი კი ქართული ენის გრამატიკის მთლიანად მომცველი სახელმძღვანელოს - „თანამედროვე ქართული ენის გრამატიკა - სწავლების მეთოდიკა“ - მომზადებაა. მინდა, ეს პროექტი თანმიმდევრულ, ურთიერთდაკავშირებულ ნაშრომთა სერიად ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს როგორც მომავალ, ისე მოქმედ მასწავლებლებსა და ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს.
_ ქალბატონო ნათია, სამწუხაროდ, ქართული ენის მართებულად ფლობა, ახალგაზრდებში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და თანამედროვეობის გამოწვევადაც კი იქცა. რას გვეტყვით ამ მხრივ და რას ურჩევთ ახალგაზრდებს?
ვფიქრობ, ქართული ენის მართებულად ფლობა მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემად ვერ განვიხილავთ. ენა ცოცხალი სისტემაა, რომელიც მუდმივად ვითარდება, იცვლება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აისახება. ბუნებრივია, ახალგაზრდების მეტყველებაშიც ჩნდება ახალი სიტყვები, გამოთქმები და კომუნიკაციის ფორმები. პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სწრაფი კომუნიკაციის, სოციალური ქსელებისა და ციფრული სივრცის გავლენით ადამიანი ნაკლებ ყურადღებას აქცევს სიტყვის სიზუსტეს, წინადადების გამართულობას, მართლწერასა და აზრის თანმიმდევრულად გადმოცემას.
ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ ქართული ენის ცოდნა მხოლოდ გრამატიკული წესების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ეს არის უნარი, სწორად, ნათლად და ზუსტად გამოხატო საკუთარი აზრი, გაიგო სხვისი ნათქვამი, გამოთქვა და დაასაბუთო საკუთარი პოზიცია. ენის ფლობა ადამიანის ზოგადი განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს, სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აუცილებელია, მოსწავლეებსა და სტუდენტებს არა მხოლოდ წესები ვასწავლოთ, არამედ შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც კითხვა, მსჯელობა, წერა და გამართული მეტყველება ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი ნაწილი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა, საკუთარი ნაწერის გადამოწმება, სიტყვების მნიშვნელობებზე დაფიქრება და ენობრივი შეცდომების გააზრებულად გასწორება.
ახალგაზრდებს რამდენიმე კონკრეტულ რჩევას მივცემდი: პირველ რიგში, იკითხეთ ყოველდღე მხატვრული ლიტერატურა, ქართული კლასიკა და თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. კითხვა ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, ავითარებს აზროვნებას და გვეხმარება, უკეთ შევიგრძნოთ ქართული სიტყვის ძალა. მეორე - ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ წაკითხვით, წერეთ კიდეც. გადმოეცით წაკითხულის შინაარსი, გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები, დაწერეთ მცირე ესეები და შემდეგ ყურადღებით გადაამოწმეთ ტექსტი. მესამე - ნუ იქნებით გულგრილი ენობრივი შეცდომების მიმართ. თუ ეჭვი შეგეპარათ სიტყვის დაწერილობაში, ფორმაში ან წინადადების აგებულებაში, გადაამოწმეთ სანდო ლექსიკონში ან გრამატიკულ წყაროში. მეოთხე - ნუ ენდობით ბრმად სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ენობრივ ფორმებს, პოპულარული გამოთქმა ყოველთვის არ ნიშნავს გამართულ მეტყველებას.
ასევე ვურჩევდი ახალგაზრდებს, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ იმას, რას ამბობენ, არამედ იმასაც, როგორ ამბობენ. ეცადონ, აზრი გამართულად, ზუსტად და თანმიმდევრულად გამოხატონ, მოერიდონ ზედმეტ ბარბარიზმებს იქ, სადაც შესაფერისი ქართული შესატყვისი არსებობს, და განივითარონ როგორც ზეპირი, ისე წერითი მეტყველების კულტურა.
და ბოლოს, მინდა, ერთი რამ განსაკუთრებით დაიმახსოვრონ: შეცდომა სირცხვილი არ არის, სირცხვილი ის არის, როცა სწავლისა და გაუმჯობესების სურვილს ვკარგავთ. ენის ცოდნა მუდმივ შრომას მოითხოვს. ქართული ენის სიყვარული კი სწორედ ყოველდღიური ზრუნვით, კითხვით, წერითა და საკუთარი მეტყველების დახვეწით უნდა გამოვხატოთ.
_ როგორ ფიქრობთ, რას უნდა დაეთმოს სკოლაში მეტი ყურადღება?
ჩემი აზრით, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული ენის გრამატიკის სწავლებას. მიმაჩნია, რომ გრამატიკას ცალკე სასწავლო საათები უნდა ეთმობოდეს და ეს საათები რეალურად შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებსა და მასალის მოცულობას. მოსწავლემ მხოლოდ წესები კი არ უნდა დაიმახსოვროს, არამედ უნდა გაიაზროს ენობრივი კანონზომიერებები და შეძლოს მათი პრაქტიკაში გამოყენება. გამართული ზეპირი და წერითი მეტყველება ხომ სწორედ ამ ცოდნასაც ეფუძნება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, გრამატიკის სწავლება არ შემოიფარგლოს თეორიული მასალის გადაცემით, ის უნდა უკავშირდებოდეს კითხვას, წერას, ტექსტის გაანალიზებასა და შეცდომების გააზრებულად გასწორებას. თანამედროვე ციფრულ გარემოშიც ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ, განასხვაონ არაფორმალური მიმოწერა გამართული წერითი მეტყველებისგან და ტექნოლოგიები ენობრივი ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენონ.
ჩემი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ქართული ენის სრულფასოვანი სწავლება გრამატიკის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. ამისთვის კი საჭიროა არა მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა, არამედ შესაბამისი სასწავლო დრო, გააზრებული პროგრამა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება.
_ ქალბატონო ნათია, მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ რა გაძლევთ პროფესიულ მოტივაციას და რა მიგაჩნიათ თქვენი, როგორც მკვლევრისა და ლექტორის, საქმიანობის ყველაზე დიდ მიღწევად?
ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მოტივაციას ყოველთვის მაძლევდა ქართული ენის სიყვარული, კვლევის ინტერესი და სტუდენტებთან ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ მეცნიერისა და ლექტორის საქმიანობა მუდმივ ძიებას, განვითარებასა და პასუხისმგებლობას გულისხმობს. ყოველი ახალი კვლევა, ყოველი სასწავლო კურსი თუ სახელმძღვანელო ჩემთვის შესაძლებლობაა, დაგროვილი ცოდნა გავიაზრო, გავამდიდრო და სხვებსაც გავუზიარო.
ჩემი პროფესიული გზა წარმოუდგენელია იმ ადამიანებისა და აკადემიური გარემოს გარეშე, რომლებმაც ჩემს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მადლიერი ვარ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჩემი ყველაზე ძვირფასი დეპარტამენტის, აგრეთვე ჩემი ლექტორ-მასწავლებლებისა და კოლეგების, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და თანადგომა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო.
განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს სტუდენტების წინსვლა, მათი პროფესიული ინტერესების გაღვივება და იმის დანახვა, რომ მიღებული ცოდნა დამოუკიდებელი აზროვნებისა და ახალი მიზნების დასახვის საფუძვლად იქცევა. სწორედ ეს მაძლევს სურვილს, მუდმივად ვიმუშაო, ვეძებო სწავლების უკეთესი გზები და შევქმნა ისეთი სამეცნიერო და სასწავლო რესურსები, რომლებიც მომავალ თაობებს გამოადგება.
რაც შეეხება ყველაზე დიდ მიღწევას, გახლავთ ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემს საქმიანობას ჰქონდეს გაგრძელება ჩემს სტუდენტებში, მათს ცოდნასა და პროფესიულ გზაზე, აგრეთვე იმ წიგნებსა და კვლევებში, რომლებიც სხვებისთვისაც სასარგებლო გახდება. თუ ჩემი შრომა ვინმეს დაეხმარება ქართული ენის უკეთ გააზრებაში, პროფესიულ განვითარებაში ან საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.
მჯერა, რომ ლექტორისა და მკვლევრის პროფესიული გზა არასოდეს სრულდება, რადგან ყოველთვის არსებობს ახალი საკითხი შესასწავლად, ახალი იდეა განსახორციელებლად და ახალი თაობა, რომელსაც ცოდნა უნდა გაუზიარო.
_ და ბოლოს, რას ურჩევს ფილოლოგიის სპეციალობის (და არა მხოლოდ) სტუდენტებისთვის ყველა დროის უსაყვარლესი ლექტორი მომავალ თაობას?
ამ სიტყვებისთვის გულწრფელად მადლიერი ვარ და მიმაჩნია, რომ ლექტორისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სტუდენტების სიყვარული, ნდობა და მათი პროფესიული თუ პიროვნული წინსვლის დანახვაა. უპირველესად, მომავალ თაობას ვურჩევდი, სტუდენტობის წლები გამოიყენონ არა მხოლოდ დიპლომის მისაღებად, არამედ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გასავითარებლად, პროფესიული საფუძვლის შესაქმნელად და სამყაროს უკეთ შესაცნობად. უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის, ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი სწავლობს დამოუკიდებელ აზროვნებას, არგუმენტირებულ მსჯელობას, პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას.
ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს კი განსაკუთრებულად ვურჩევდი, შეიყვარონ სიტყვა, ტექსტი და კითხვა. იკითხონ ბევრი და მრავალფეროვანი ლიტერატურა, გაეცნონ როგორც კლასიკურ მემკვიდრეობას, ისე თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს; დაინტერესდნენ ენის სტრუქტურით, მისი განვითარების კანონზომიერებებითა და იმ კულტურული სამყაროთი, რომელსაც ენა ინახავს. ფილოლოგია მხოლოდ ტექსტის წაკითხვა ან გრამატიკული წესების ცოდნა არ არის, იგი გულისხმობს ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას, ენობრივი მოვლენების ანალიზს, დასკვნების დასაბუთებასა და სიტყვის პასუხისმგებლობით გამოყენებას.
მინდა, სტუდენტები არ შეუშინდნენ რთულ საკითხებს და არ დაკმაყოფილდნენ მზა პასუხებით. დასვან კითხვები, იკამათონ არგუმენტირებულად, გადაამოწმონ ინფორმაცია, იმუშაონ სამეცნიერო წყაროებთან და ისწავლონ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება, არამედ იმის უნარიც, რომ შევაფასოთ მისი სანდოობა, გავარჩიოთ ფაქტი მოსაზრებისგან და მიღებული ცოდნა დამოუკიდებლად გავიაზროთ.
ამავე დროს, ვურჩევდი, განივითარონ აკადემიური კეთილსინდისიერება, პატივი სცენ სხვის ინტელექტუალურ შრომას, პასუხისმგებლობით გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და არასოდეს დაკარგონ სწავლის გაგრძელების სურვილი. პროფესიული წარმატება მხოლოდ ნიჭით არ მიიღწევა, მას სჭირდება შრომა, დისციპლინა, მოთმინება და საკუთარი თავის მუდმივი განვითარება.
სტუდენტებს სხვა მიმართულებებიდანაც ვეტყოდი, რომ მშობლიური ენის ცოდნა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია. რამდენადაც კარგად ვფლობთ ენას, იმდენად ზუსტად შეგვიძლია აზრის ჩამოყალიბება, ცოდნის გაზიარება, პროფესიული ურთიერთობა და საკუთარი პოზიციის დაცვა. ამიტომ გამართული მეტყველება, გააზრებული კითხვა და წერითი კულტურა მხოლოდ ფილოლოგის პასუხისმგებლობა არ არის, ეს ზოგადი განათლებისა და პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
და ბოლოს, როგორც ლექტორისთვის, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია სტუდენტის განვითარება, მისი ინტერესი, შეკითხვები და წარმატება. მინდა, მომავალმა თაობამ არასოდეს დაკარგოს ცნობისმოყვარეობა, საკუთარი თავის რწმენა და შრომის სურვილი. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, რადგან შეცდომაც სწავლის ნაწილია, ნუ იფიქრებთ, რომ დიპლომის მიღებით სწავლა სრულდება, რადგან ნამდვილი განათლება უწყვეტი პროცესია. იყავით პროფესიონალები, საკუთარი საქმის ცოდნასთან ერთად გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ადამიანური ღირსება და სხვისი შრომის პატივისცემა.
ჩემი რწმენით, კარგი ლექტორის წარმატება მხოლოდ იმ ცოდნით არ იზომება, რომელსაც სტუდენტებს გადასცემს, ის იმითაც განისაზღვრება, თუ რამდენად უღვივებს მათ დამოუკიდებლად აზროვნების, განვითარების, ძიებისა და ახალი მიზნების დასახვის სურვილს. სწორედ ასეთ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს.
| უკან |
