გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

“ჩემი უმთვრესი მიზანია, ვიყო ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე”…

სურათი

გუგა გუნდაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ არჩეული პროფესია მუდმივად განვითარების საშუალებას მისცემს. “მინდა, აქტიურად ჩავერთო გლობალურ დიპლომატიურ პროცესებში, ხელი შევუწყო საქართველოს ინტერესების დაცვას და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას”, - ეს პირველკურსელი გუგას ერთ-ერთი მიზანია.

“დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, ოთხი წლით ზუგდიდში მომიწია გადასვლა. ამ პერიოდში სულ ხუთი სკოლა გამოვიცვალე და ბოლოს სწავლა ფერიის საჯარო სკოლაში დავასრულე. ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა და ახალ გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია.

მე ჩემ მიერ არჩეული პროფესიის პირისპირ

დასაწყისში ძალიან ბევრ ფაკულტეტსა და მიმართულებას განვიხილავდი, რადგან არჩევანის გაკეთება ადვილი არ იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც უფრო  ჩავუღრმავდი თითოეულ სფეროს, ჩემი არჩევანი საბოლოოდ საერთაშორისო ურთიერთობებზე შეჯერდა, რადგან რაც უფრო მეტს ვიგებდი ამ სფეროს შესახებ, მით უფრო ღვივდებოდა ჩემი ინტერესი. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის სფეროა, სადაც ბევრი საინტერესო გამოწვევა დამხვდება, არასდროს იქნება მოსაწყენი და მომცემს შანსს, მუდმივად განვვითარდე.

ჩემი სამომავლო გეგმები და მიზნები

ჩემი უმთავრესი სამომავლო მიზანია, გავხდე წარმატებული დიპლომატი და ჩემი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა, აქტიურად ჩავერთო გლობალურ დიპლომატიურ პროცესებში, ხელი შევუწყო საქართველოს ინტერესების დაცვას და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას. ამ მიზნის მისაღწევად ვგეგმავ, საფუძვლიანად შევისწავლო უცხო ენები, მაქსიმალურად ვისარგებლო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებით და მივიღო პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მე და ბსუ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევის  მიზეზი მისი ადგილმდებარეობა იყო, რადგან ის ჩემთვის მშობლიურ ქალაქთან და მყუდრო გარემოსთან ასოცირდება, თუმცა მთავარი არჩევანი მისმა აკადემიურმა რეპუტაციამ და თანამედროვე შესაძლებლობებმა განაპირობა. ასევე ძალიან

მიზიდავს ის ფაქტი, რომ ბსუ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან და გვთავაზობს გაცვლით პროგრამებს. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ ლექციებზე სიარული, ეს არის შანსი, ვნახო როგორ სწავლობენ სხვები და მივიღო ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მომავალში პროფესიულადაც და პიროვნულადაც ძალიან დამეხმარება.

პირველკურსელი გუგას ოცნება

როგორც პირველკურსელს, ახლა ყველაზე მეტად ის მსურს, რომ მარტივად და ნაყოფიერად შევძლო საგნების ათვისება და ახალ საუნივერსიტეტო გარემოსთან შეგუება. მინდა, სტუდენტური ცხოვრება საინტერესოდ, ნაყოფიერად და ზედმეტი სტრესის გარეშე წარიმართოს, შევიძინო კარგი მეგობრები და ეს წლები სასარგებლოდ და მხიარულად გავატარო”.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა