გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

რჩევები საგაზაფხულო აგროტექნიკურ გამოწვევებსა და ახალგაზრდების პერსპექტივებზე აგრონომიაში

სურათი

საგაზაფხულო სეზონი ფერმერებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორ უნდა მოვამზადოთ ნიადაგი სწორად? რა შეცდომებს უშვებენ ხშირად მეწარმეები? როგორ დავიცვათ ნათესები გვიანი ყინვებისგან და რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს აგროსექტორში? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების ქვეპროგრამის მთავარი აგრონომი, გიგა დათუნაშვილი გვესაუბრა. ინტერვიუში ის გაზაფხულის აგროტექნიკურ სამუშაოებზე, ეკოლოგიური მართვის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

რუბრიკის ფარგებში - კურსდამთავრებული, გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრონომიის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული - გიგა დათუნაიშვილი პასუხობს. მას მაგისტრის კვალიფიკაცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მიენიჭა, ხოლო სწავლას დოქტორანტურაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს.

_ ბატონო გიგა, როგორ შეაფასებდით მიმდინარე წლის ზამთარსა და გაზაფხულის დასაწყისს აგრონომიული თვალსაზრისით?

_ ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდს დადებითად შევაფასებდი იქედან გამომდინარე, რომ არ იყო მკაცრი კლიმატური პირობები ( თოვლი, ყინვა და სხვა), რომელიც ზეგავლენას მოახდენდა მცენარის სიცოცხლესა და ზრდა-განვითარებაზე.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც ფერმერმა და მებაღემ გაზაფხულზე უნდა დაგეგმოს?

_ გაზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერმა გაითვალისწინოს და ჩაატაროს აგროტექნიკური ღონისძიებები ისეთები, როგორიც არის  სხვლა-ფორმირება, სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოები(გამხმარი დაავადებული და ზამთრის მიერ დაზიანებული ტოტების გატანა და განადგურება) ნიადაგის დამუშავება, ორგანულ მინერალური სასუქების შეტანა  და წამლობითი ღონისძიებების ჩატარება.

_ რა ძირითადი შეცდომებია გავრცელებული საგაზაფხულო სამუშაოების დროს?

_ ფერმერის მიერ გავრცელებულ შეცდომებად შეიძლება ჩაითვალოს მცენარის  არასწორი სხვლა-ფორმირების პროცესი,  ასევე შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების არადოზირებულად გამოყენება, რომელიც აზიანებს როგორც თვითონ მცენარეს ისე ნიადაგის სტრუქტურასა  და გარემოს.

_ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება საგაზაფხულო აგროტექნიკურ ღონისძიებებზე?

_ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, რადგან აგროტექნიკური სამუშაოს ჩატარების პროცესი დამოკიდებულია გარემო პირობებზე .

_ რატომ არის ნიადაგის ანალიზი მნიშვნელოვანი გაზაფხულზე?

_ იმიტომ რომ ნიადაგში არ არის შეტანილი ორგანულ-მინერალური სასუქები და მცენარის მიერ ნიადაგიდან გამოტანილია საკვები ნივთიერებები, ამ დროს ჩატარებული ნიადაგის ანალიზი იძლევა ზუსტ მაჩვენებელს.

_ რა მეთოდებით შეიძლება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება?

_ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება შესაძლებელია ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენებით და სხვადასხვა სიდერატების დახმარებით.

_ როგორ უნდა მოვამზადოთ ნიადაგი თესვისთვის მცირე საოჯახო ნაკვეთზე?

_ პირველ რიგში უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ჩატარება, შემდგომში უნდა განხორციელდეს აგროტექნიკური ღონისძიებები ( ნიადაგის დახვნა-დამუშავება) და სხვადასხვა ორგანულ-მინერალური სასუქებით განოყიერება.

_ ორგანული და მინერალური სასუქები – როგორ ავირჩიოთ სწორად?

_ორგანულ-მინერალური სასუქის სწორად არჩევა დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, მაგალითად როგორიცაა კულტურის მოთხოვნილებები, ნიადაგის მდგომარეობა და სასუქის თვისებები.

_ რომელი ბოსტნეული კულტურებია რეკომენდებული დასავლეთ საქართველოს კლიმატისთვის გაზაფხულზე?

_ დასავლეთ საქართველოს კლიმატისთვის შესაფერისია შემდეგი ბოსტნეული კულტურები: კიტრი, პომიდორი, ბარდა, წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი, კარტოფილი და სხვა.

_ როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი თესლი?

  _ ხარისხიანი თესლის შერჩევა პირდაპირ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე, დაავადებების გამძლეობაზე და საბოლოო შედეგზე. თესლი უნდა იქნეს არჩეული შემდეგი კრიტერიუმებით, უნდა მოხდეს სანდო მომწოდებლის შერჩევა, უნდა შემოწმდეს შეფუთვა, ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული აღმოცენების პროცენტზე, უნდა მოხდეს ვიზუალური დაკვირვება თესლზე და გაკეთდეს უნდა მცირე ტესტი თესვამდე.

_ რა უნდა ვიცოდეთ ნერგების გამოყვანისას?

_ ნერგების გამოყვანისთვის აუცილებელია ხარისხიანი სათესი მასალა, კარგი შემადგენლობის სუბსტრატი, უნდა მოხდეს ტემპერატურის კონტროლი, უნდა მორწყვა საჭიროებისამებრ, დაავადებების და მავნებლების კონტროლი და გამაგრება გადარგვამდე.

_ როგორია თესვის ოპტიმალური ვადები სხვადასხვა კულტურისთვის?

_ თესვის ოპტიმალური ვადები განსხვავდება კულტურის მიხედვით, მაგალითად პომიდორის თესვისთვის ოპტიმალური პერიოდია მარტის მეორე ნახევარი ასევე კიტრისთვისაც და ასე შემდეგ.

_ როგორ დავიცვათ ნათესები გვიანი ყინვებისგან?

_ გვიან ყინვები ყველაზე საშიშია ახლად დათესილი კულტურებისთვის, მისგან დასაცავად უნდა იქნეს გამოყენებული აგროფირი, პოლიეთილენის მინი სათბური, ჩალა ან ორგანული მულჩი, კვამლის მეთოდი ( დიდ ფართობზე).

_ რა მავნებლები და დაავადებები აქტიურდება გაზაფხულზე?

_გაზაფხულზე ძირითადად თავს იჩენს ისეთი მავნებელ-დაავადებები როგორიცაა ბუგრები,  სოკოვანი დაავადებები, მღრნელები.

_ როგორ ამოვიცნოთ მცენარეთა დაავადებები ადრეულ ეტაპზე?

_ მცენარის ადრეულ ეტაპზე დაავადების ამოსაცნობად აუცილებელია ხშირი მონიტორინგი როგორც ვიზუალური დაკვირვებით ისე მიკროსკოპული კვლევით.

_ ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებები – რას მიანიჭებდით უპირატესობას და რატომ?

_ რა თქმა უნდა ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას რადგან არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგრამ გარემო პირობებიდან გამომდინარე გვიწევს ქიმიური საშუალებების გამოყენება.

_ როგორ შეიძლება ინტეგრირებული მავნებელთა მართვის (IPM) პრაქტიკის დანერგვა მცირე მეურნეობაში?

_ინტეგრირებული მავნებელთა მართვის პრაქტიკის დასანერგად აუცილებელია მეტი ინფორმირება მოსახლეობაში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგ-სემინარები.

_ რა სიხშირით სჭირდება მორწყვა გაზაფხულზე ახლად დათესილ კულტურებს?

-ახალ დათესილ კულტურებს მორწყვა ჭირდება კლიმატური პირობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე .

_ როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ტენიანობით გამოწვეული პრობლემები?

- ზედმეტი ტენიანობისგან თავის ასაცილებლად ღია გრუნტში უნდა იქნეს გამოყენებული სადრენაჟო სისტემების მოწყობა ხოლო სასათბურე პირობებში სწორი ვენტილაცია და წვეთოვანი მორწყვა.

_ რა არის მულჩირების მნიშვნელობა და როგორ შევასრულოთ სწორად?

 _მულჩირება ნიშნავს ნიადაგის ზედაპირის დაფარვას ორგანული ან არაორგანული მასალით, რათა შევინარჩუნოთ ტენი, მოხდეს სარეველების კონტროლი, იყოს ნიადაგის ტემპერატურა სტაბილური და შემცირდეს ნიადაგის ეროზიის რისკი.

_ როდის და როგორ უნდა განხორციელდეს ხეხილის გასხვლა?

_ ხეხილის სწორად გასხვლა ძალიან მნიშვნელოვანია ზრდისთვის, მოსავლიანობისთვის და დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ხეხილის გასხვლისათვის კარგია ზამთრისა და ზაფხულის პერიოდი. გასხვლისას უნდა მოცილდეს გამხმარი და დაავადებული ტოტები, შიგნით მზარდი ტოტები, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ტოტები და მიწისკენ დახრილი ტოტები.

_ რა საგაზაფხულო ღონისძიებებია საჭირო ვაზის მოვლაში?

_ ვაზის მოვლა საგაზაფხულოდ ძალიან მნიშვნელოვანია მოსავლის კარგი შედეგისთვის. ძირითადად ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული ფორმირებასა და შეჯვარების სამუშაოებზე ასევე ნიადაგის ტენიანობა/განაყოფიერებაზე, სარეველების კონტროლზე, დაავადებებისა და მავნებლების პრევენციასა და მორწყვის ორგანიზებაზე.

_ როგორ დავეხმაროთ მრავალწლოვან მცენარეებს ზამთრის შემდეგ სწრაფად აღდგენაში?

_ ზამთრის შემდეგ მრავალწლიანი მცენარის სწრაფი აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ტენის პირობებში ხშირად ვითარდება სოკოვანი დაავადებები, მისი აღდგენისთვის საჭიროა მცენარის გასხვლა, მიწის გაუმჯობესება, ზომიერი კვება, ტენის კონტროლი და სოკოს პრევენცია.

_ როგორ შეიძლება მცირე მიწის ნაკვეთის ეკოლოგიურად მართვა?

_ მცირე ნაკვეთის ეკოლოგიური მართვა ნიშნავს ნაკლები ქიმია, ნიადაგის დაცვა და ბუნებრივ ბალანსზე მუშაობა, ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ კულტურათა მონაცვლეობა, ბუნებრივ მავნებელთა კონტროლი და ბიომრავალფეროვნება .

_ რა არის აგროეკოლოგიის როლი თანამედროვე სოფლის მეურნეობაში?

-აგროეკოლოგიის როლი თანამედროვე სოფლის მეურნეობაში არის ნიადაგის დაცვა და აღდგენა, ბიომრავალფეროვნების გაძლიერება, რესურსების ეფექტიანად გამოყენება, კლიმატის ცვლილებებთან ადაფტაცია და სოციალურ- ეკონომიკური მნიშვნელობა.

_ როგორ შევუწყოთ ხელი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას საკუთარ ბაღში?

_ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება საკუთრ ბაღში შესაძლებელია მრავალფეროვანი მცენარეების დარგვით, დამამტვერიანებლების სიმრავლით, მიკროეკოსისტემების შექმნით, ქიმიური საშუალებების შემცირებით და ნიადაგის დაცვით.

_ რას ურჩევდით აგრონომიით დაინტერესებულ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად?

_აგრონომიით დაინტერესებულ სტუდენტებს თეორიული სწავლა არ ყოფნით მხოლოდ, წარმატება მოდის მიწაზე მუშაობაში. ამისათვის საჭიროა სტაჟირება გაიარონ რეალურ მეურნეობებში, მოაწყონ საკუთრი საცდელი ნაკვეთი, ჩაერთონ კვლევით პროექტებში და ასევე მიიღონ სწავლა თანამედროვე ტექნოლოგიებიდან.

_ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (დრონები, სენსორები, ციფრული პლატფორმები) სოფლის მეურნეობაში?

_ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დღეს უკვე ფუფუნება კი არა აუცილებლობაა- განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიც აჭარა და დასავლეთ საქართველოა, სადაც კლიმატური ცვალებადობა და ტენიანობა დიდ როლს თამაშობს, აქედან გამომდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ნიშნავს: მეტ მოსავალს, ნაკლებ დანახარჯს, ნაკლებ რისკს და უფრო ეკოლოგიურ მეურნეობას.

_ რა შესაძლებლობებია ახალგაზრდებისთვის აგროსექტორში დღეს საქართველოში?

_ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი ძალიან მოთხოვნადია და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით არის აღჭურვილი, მაგალითად ისეთებით როგორიც არის სახელმწიფო პროგრამები და დაფინანსება, განათლება და პროფესიული განვითარება, სტარტაპები და ინოვაციები, დასაქმება და კარიერული გზები და სხვა.

_ როგორ ხედავთ უნივერსიტეტსა და პრაქტიკულ აგროსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივას?

_ უნივერსიტეტსა და პრაქტიკულ აგროსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს დღევანდელობაში. ამისათვის უნდა იყოს თანამშრომლობა გაძლიერებული სამინისტროებსა და უნივერსიტეტებს შორის, ასევე კერძო ფერმერებსა და უნივერსიტეტს შორის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა