გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ახალგაზრდა მეცნიერი ინოვაციური ხედვით

სურათი

ელზა ჯინჭარაძე არის ინფორმატიკის დოქტორი და ასისტენტ-პროფესორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში. მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც სწავლება-კვლევას, ისე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვას.

განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის მიმართულებით: 2016–2019 წლები ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მანამდე ფლობდა ბიზნეს-ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს და აკადემიური გამოცდილება მიიღო ასევე იაგელონის უნივერსიტეტში (პოლონეთი), რაც მის პროფესიულ პროფილს საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ ხასიათს ანიჭებს.

ავტორის ძირითადი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, დაპროგრამების ტექნოლოგიებს, კრიპტოგრაფიასა და კიბერუსაფრთხოებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული კრიპტოგრაფიული მოდელების, ჰომომორფული დაშიფვრისა და პოსტ-კვანტური კრიპტოსისტემების კვლევას. აღნიშნული მიმართულებები აქტიურად არის წარმოდგენილი ავტორის პუბლიკაციებში, რომლებიც გამოქვეყნებულია IEEE-ის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო ჟურნალებში.

ერთ-ერთ საინტერესო სამეცნიერო თემად შეიძლება განიხილებოდეს კვანტუმ-რეზისტენტული ჰიბრიდული კრიპტოსისტემების იმპლემენტაცია და შეფასება, რაც მიზნად ისახავს მონაცემთა უსაფრთხოების გაძლიერებას მომავალი კვანტური გამოთვლების პირობებში.

ავტორის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა მიმართულია მონაცემთა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემისკენ და სანდო ტექნოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებისკენ.

_ ელზა, თქვენ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს, განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდით. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი კვლევების მთავარი ინოვაცია?

_ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოება ჩემთვის არის დიდი პატივი და ამავე დროს მოტივაცია, გავაგრძელო მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც რეალურად პასუხობს თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევებს.

ჩემი კვლევების მთავარი სიახლე მდგომარეობს კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ახალი სისტემების შეთავაზებაში, რომელიც მომხმარებლებს ანიჭებს შესაძლებლობას, უსაფრთხოდ გადასცეს მონაცემები მომავლის კვანტური კომპიუტერული საფრთხეების პირობებშიც კი. ნაშრომები ფოკუსირებულია ჰიბრიდული კრიპტოსისტემების განვითარებაზე, ისეთი ალგორითმების შემუშავებაზე, რომლებიც აერთიანებს სიმეტრიული და ასიმეტრიული ალგორითმების ძლიერ მხარეებს და ამავე დროს ამცირებს მათ სისუსტეებს.

_ გთხოვთ, გვესაუბრეთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რაც თქვენივე კვლევის სფეროს წარმოადგენს...

_ უკანასკნელი ნაშრომი „Implementation and Evaluation of a Quantum-Resistant Hybrid Cryptosystems“ (კვანტურ-რეზისტენტული ჰიბრიდული კრიპტოსისტემების იმპლემენტაცია და შეფასება) 2025 წლის დეკემბრში წარვადგინე „IEEE East-West Design & Test Symposium (EWDTS)“ კონფერენციაზე. სტატია იბეჭდება Scopus  ინდექსირებად ჟურნალში.

ნაშრომში წარმოდგენილია კვანტურ-რეზისტენტული Kyber+AES და ECC+AES ჰიბრიდული კრიპტოსისტემის იმპლემენტაცია და ექსპერიმენტული შეფასება.  მოცემული ნაშრომი ადარებს წამოდგენილ ჰიბრიდულ სისტემას შემდეგი შესრულების ინდიკატორების საფუძველზე: შიფრაციის დრო, დეშიფრაციის დრო და დაშიფრული ფაილის ზომა სხვადასხვა ზომის ფაილისთვის.

მოცემული ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, შევიმუშავეთ პროგრამული კოდი კვლევისთვის Python-ში, გამოვიყენეთ მოცემული ალგორითმებისთვის შესაბამისი ბიბლიოთეკები.

პროგრამული კოდის იმპლემენტაციის შედეგად ჩატარებული ექსპერიმენტული შედეგები აჩვენებს, რომ თანამედროვე, კლასიკური სისტემებისთვის ECC+AES უფრო სწრაფია. თუმცა, თუ გვჭირდება რომ სისტემა იყოს უსაფრთხო კვანტური თავდასხმების წინაშე, მაშინ Kyber+AES გვთავაზობს უკეთეს მაჩვენებლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა