გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„უფრო დიდი თავგადასავლები ახლა იწყება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გოჩა შაინიძე,  GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან თურქი მეტოქე 3 წუთსა და 48 წამში დაამარცხა. ამბობს, რომ სამომავლოდ აუცილებლად გახდება UFC- ჩემპიონი, რომლის ტიტულიც ჯერჯერობით ქართველს არ ჰქონია. გოჩა ჩვენი გაზეთის მკითხველს არაერთ დასახულ მიზანს უმხელს.

_ 21 წლის ვარ, MMA-ს მებრძოლი. დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში.  ამავე სოფლის საჯარო სკოლის  დასრულების შემდეგ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. აქტიურად ვვარჯიშობ ბათუმის საბრძოლო აკადემიაში.

_ გოჩა, რა ასაკიდან ხართ დაინტერესებული სპორტით?

_ ინტერესი სპორტისადმი, არც კი მახსოვს, როდის გამიჩნდა. ყოველთვის ვიყავი სპორტული ადამიანი, სკოლის დონეზე აბსოლუტურად ყველა სპორტის გუნდურ სახეობას ვთამშობდი და ყველგან მაქვს მოგებული სკოლებს შორის საპრიზო ადგილი. ჩემი საყვარელი სპორტი იყო ფეხბურთი და რომ არა გარკვეული გარემოება და პრობლემები, აუცილებლად ვიქნებოდი ფეხბურთელი. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ანუ MMA-ს შესწავლა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე. არ მქონია არასდროს კონტაქტური სპორტის სახეობებთან შეხება.  მოკლე დროში შევძელი უჩვეულოდ დიდი ნაბიჯების გადადგმა, ვარჯიშის დაწყებიდან 1 წელში მოვახერხე პროფესიონალურ დონეზე გადასვლა, ხოლო პროფესიონალურ დონეზე ზუსტად 1 წელში შევძელი ჩემი პირველი მსოფლიო ქამრის მოგება.

_ გთხოვთ, გვესაუბროთ კონკრეტული მიღწევების შესახებ...

_ სამოყვარულო MMA-ში ვარ საქართველოს ვიცე ჩემპიონი 1X და ჩემპიონი 1X, ვარ გრეპლინგში საქართველოს ჩემპიონი, ვარ შავი ზღვის თასის გამარჯვებული კიკბოქსინგში და ვარ GFC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი.

_ როგორ გაიხსენებთ ბოლო გამარჯვებას და როგორია ცხოვრება ჩემპიონის ტიტულთან ერთად?

_  ჩემი მეოთხე გამარჯვების შემდეგ, ხმამაღლა განვაცხადე, რომ ვიმსახურებდი ორგანიცაზიის ქამრისთვის ჩხუბს. ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა და მალევე მინახეს მოწინააღმდეგე ახალგაზრდა, ძალიან პერსფექტიული თურქი სპორტსმენი ალფარენ კარაბულუთი. დაახლოებით, 3 თვე მქონდა დრო, რომ ამ ჩხუბისთვის მოვმზადებულიყავი. მზადებამ იდეალურად ჩაიარა. ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ოქტაგონში შესვლამდე ძალიან თავდაჯერებულად ვგრძობდი თავს და ვიცოდი, რომ მე ჩემპიონი გავხდებოდი. იმ ღამეს უამრავი ზარი, შეტყობინება და მოლოცვა მივიღე. ჩხუბის შემდეგ თავს ცოტა ხნით დასვენების საშუალებაც მივეცი, მაგრამ არა დიდი ხნით, რადგან ჩემპიონობით არაფერი სრულდება, - პირიქით, უფრო დიდი თავგადასავლები ახლა იწყება. საჭიროა მეტი შრომა და მონდომება...

_ გოჩას ერთი დღე...

_ ჩემი დღე, როგორც წესი, ვარჯიშით იწყება. ვცდილობ, დილა ენერგიულად დავიწყო და მოვამზადო თავი დღის განმავლობაში ორი ვარჯიშისთვის. დილის ვარჯიში 10 საათზე მაქვს ხოლმე, ხოლო საღამოს ვარჯიში - საღამოს 19 საათზე, ვარჯიშებს შორის ვისვენებ, ვიძინებ კიდეც, რათა დახარჯული ძალების აღდგენა მოვასწრო და საღამოს ვარჯიშისთის ისევ ისეთივე პროდუქტიული ვიყო. დარჩენილ ძალიან მცირე დროში ვცდილობ ვნახო მეგობრები, ვუყურო ფილმებს და მოვამზადო საუნივერსიტეტო მასალა.

_ თვენი სამომავლო გეგმები და მიზნები...

_ ჩემი მოკლევადიანი გეგმაა ამ ორგანიზაციის ქამრის დაცვა, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება. სამომავლო კარიერისთვის აუცილებელია ამ ქამრის დაცვა; საშუალოვადიანი მიზანი ამ სპორტში ყველაზე დიდ ორგანიზაციაში, UFC-ში ჩხუბია, სადაც უკვე ჩხუბობს 5 ქართველი მებრძოლი; გაგიმხელთ, ჩემი გრძელვადიანი მიზანია UFC-ის ჩემპიონობა. ჯერჯერობით არცერთი ქართველი არ გამხდარა მისი ჩემპიონი, მაგრამ რამდენიმე მებრძოლი ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან. ვფიქრომ, ჩემი განვითარების, ტემპის და ჩემი გუნდის - ბათუმის საბრძოლო აკადემიის დახმარებით, ძალიან მალე შევძლებ ამ ორაგანიზაციაში ჩხუბს, შემდეგ კი მისი ჩემპიონიც გავხდები. მიუხედავად ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების ნერვიულობისა, მე ვაგრძელებ ამ სპორტში ასპარეზობას მანამ, სანამ დასახულ მიზანს სრულყოფილად არ მივაღწევ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა