
31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის პროექტის „GreenS4BlackSea“ (BSB01246) ფარგლებში, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სტუდენტები, ასევე ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა შემეცნებითი ლექცია და დებატები შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პროექტის მენეჯერი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძე, პროექტის ბიომრავალფეროვნების ექსპერტი ლანა კოდანოვი და ჭარნალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაირა ჯაყელი.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში შავი ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარება.
ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უნიკალურ ეკოსისტემაზე, საზღვაო ბიომრავალფეროვნებაზე, დაბინძურების ძირითად წყაროებზე, საზღვაო ნარჩენების ზემოქმედებასა და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე. დებატების დროს მონაწილეებმა იმსჯელეს შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებსა და გარემოს დაცვის პროცესში ახალგაზრდების როლზე.
31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა (International Black Sea Day). ეს თარიღი უკავშირდება 1996 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც შავი ზღვის აუზის ექვსმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, დაბინძურების შემცირებას, ზღვის რესურსების მდგრად გამოყენებასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიება ეხმიანება პროექტის „GreenS4BlackSea“ ძირითად მიზნებს, რომლებიც მოიცავს შავი ზღვის აუზის ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით ხელუხლებელი და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობას შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაში.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროცესებში ჩართულობასა და ბუნებრივი რესურსებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
„GreenS4BlackSea“ — „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის მწვანე გადაწყვეტა“ (BSB01246) ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან:
- ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (თურქეთი) - წამყვანი პარტნიორი;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ (საქართველო);
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
- თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი).
პროექტის განხორციელების პერიოდი: 25 დეკემბერი, 2025 – 25 ივნისი, 2027.
პროექტის მთავარი მიზანია შავი ზღვის აუზში ხელუხლებელი ტყეების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვა, ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
| უკან |












