
9 დეკემბერს, ,,ერასმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ბიალისტოკის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი მაგდალენა ლევონოვსკა შეხვდა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამისა და ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ბიალისტოკის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები - „რეაბილიტაცია“ და „კოსმეტოლოგია“. მან ისაუბრა ,,ერასმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობებზე, დეტალურად მიმოიხილა სასწავლო კურსები და სარგებელი, რომლის მიღებაც სტუდენტებს შეუძლიათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში.
შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რეაბილიტაციის სპეციალობის სტუდენტებში. აღსანიშნავია, რომ 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ბიალისტოკის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში განხორციელდება აკადემიური გაცვლა. თანამშრომლობის ფარგლებში მოლეკულური ბიოლოგიის სალექციო კურსს წაიკითხავს ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ხუხუნაიშვილი. ეს აკადემიური ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის წარმატებულ პარტნიორობას, ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.
| უკან |


