ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს წარმომადგენლები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ

სურათი

ბსუ-ს წარმომადგენლები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენა მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე: პრობლემების იდენტიფიცირება და ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზები“ ფარგლებში 2026 წლის 15–19 ივნისს სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტში მონაწილეობდნენ ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლები: პროექტის მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი მარინე გურგენიძე, ძირითადი პერსონალი, ასოცირებული პროფესორი ნანი მამულაძე და დოქტორანტი, მოწვეული მასწავლებელი ცირა კაპანაძე.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და რუმინეთის სკოლებში იმ პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა, რომელიც უკავშირდება მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდაჭერას, ჯანმრთელობის კომპეტენციების განვითარებას, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და საგანმანათლებლო პროცესში ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებას. სამუშაო ვიზიტი პროექტის უცხოელი ექსპერტის, დანიელა პოპას რეკომენდაციით შერჩეულ სკოლებში განხორციელდა.

ბსუ-ს წარმომადგენლები ეწვივნენ ბრაშოვისა და მისი შემოგარენის ოთხ საგანმანათლებლო დაწესებულებას (ERI Romanian-Finnish School Brașov, Secondary School No. 6 „Iacob Mureșianu“, Secondary School No. 9 „Nicolae Orghidan“, Kronstadt German Vocational School). აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა სასკოლო გარემოს სტრუქტურირებული დაკვირვება, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებთან, სამედიცინო პერსონალთან და სპეციალურ მასწავლებლებთან. შეხვედრებისა და დაკვირვების პროცესში ყურადღება გამახვილდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე, მოსწავლეთა ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე, სტრესის, შფოთვის, ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციაზე, ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნის მექანიზმებზე, ასევე სკოლის, ოჯახის და სპეციალისტების თანამშრომლობის პრაქტიკაზე.

ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება კვლევითი ინსტრუმენტების დახვეწის, საქართველოს სკოლებში ემპირიული კვლევის დაგეგმვისა და მიღებული მონაცემების ინტერდისციპლინური ანალიზისთვის. საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის კომპეტენციების განვითარებისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი სასკოლო გარემოს გაძლიერებისკენ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტი „სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენა მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე: პრობლემების იდენტიფიცირება და ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზები“ (პროექტის ნომერი FR-25-5673) მიზნად ისახავს სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენის შესწავლას მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზების შემუშავებას.

კვლევა ითვალისწინებს სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის შეფასებას მოსწავლეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ჯანდაცვის კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, მოსწავლეთა დამოკიდებულებების გამოვლენას, სკოლა-ოჯახის თანამშრომლობის ანალიზს, ასევე განათლების, ჯანდაცვის, ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის გადაკვეთაზე არსებული გამოწვევების შესწავლას. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა, ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას და ჯანმრთელობის მხარდამჭერი სასკოლო გარემოს განვითარებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადებას. პროექტი 2026 წლის მარტში ამოქმედდა და 2029 წლის მარტამდე გაგრძელდება.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.bsu.edu.ge/sub-45/page/23584/index.html?lang=ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა