8 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამარ ბერიძემ, მესამე მისიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - ,,ტურიზმი, როგორც პროფესიული განვითარების მიმართულება, საჭირო უნარები და პერსპექტივები ახალგაზრდებისთვის“.
ლექციის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიული შესაძლებლობების, საჭირო უნარებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა დისკუსიებსა და ჯგუფურ აქტივობებს, რაც მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხის სიღრმისეულ გააზრებას უწყობდა ხელს.
შეხვედრას IX–XI კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებმა მაღალი ინტერესი გამოავლინეს როგორც ტურიზმის სფეროს, ისე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ. აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეებს ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღნიშნული საჯარო ლექცია ფაკულტეტის მიერ მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის სკოლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიული თვითგამორკვევის ხელშეწყობასა და ტურიზმის სფეროში არსებული საგანმანათლებლო და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.