ტურიზმის ფაკულტეტი

დასრულდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - „კულტურისა და მასპინძლობის გამოწვევები ტურიზმში“

სურათი

1–5 ივნისს ტურიზმის ფაკულტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო საზაფხულო სკოლას თემაზე: „კულტურისა და მასპინძლობის გამოწვევები ტურიზმში: ბათუმის კარტოგრაფირება ტურისტული მიზნებისთვის (USE-IT)”. პროექტი განხორციელდა ტურიზმის ფაკულტეტის, ფრანკოფონული დასაქმების ცენტრის (CEF Batumi), ბსუ-ს UNESCO-ს კათედრის, University of Angers-ისა და Vanadzor State University-ის თანამშრომლობით და წარმოადგენდა ინოვაციური სწავლებისა და ინტერდისციპლინური აკადემიური თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს.

საზაფხულო სკოლამ ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვით ტრადიციული სწავლების ჩარჩოები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ანჟეს უნივერსიტეტის (INNTO-ESTHUA) პროფესორების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა თეორიული და საველე მუშაობის ფორმატში შეისწავლეს ვებ-კარტოგრაფიის თანამედროვე ინსტრუმენტები (UMAP და Google Maps) და სანაპირო ტურიზმის პრაქტიკების სოციოლოგიური და მეთოდოლოგიური ანალიზის ძირითადი საკითხები.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს გასართობი ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი, ტურიზმის, სასტუმრო და სატრანსპორტო სექტორებში შემოსავლების მართვის თანამედროვე მოდელები, ასევე სენსორული რუკების გამოყენების სამეცნიერო მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმსა და ფოტოგრაფიას შორის კავშირს, ვიზუალური კომუნიკაციის გავლენას ტურისტულ მიმზიდველობაზე და გასტრონომიული ტურიზმის როლს, ავთენტური აჭარული კულინარიული მემკვიდრეობის კონტექსტში.

საზაფხულო სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ შედეგად ჩამოყალიბდა USE-IT Batumi Map-ის კონცეფცია და სამუშაო ვერსია, რომელიც სტუდენტებმა ქართველი და ფრანგი მენტორების მხარდაჭერით შეიმუშავეს. პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, ახალგაზრდულ და ალტერნატიულ ფორმატში წარმოჩენას.

ღონისძიება ასევე წარმოადგენდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის წარმატებულ მაგალითს, რადგან „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში პროცესში მონაწილეობდნენ უცხოელი პროფესორები და ქართველი, ფრანგი და სომეხი სტუდენტები. პროგრამა დასრულდა მონაწილეთა პრეზენტაციებითა და სერტიფიკატების გადაცემით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ტურიზმის განათლების განვითარების მნიშვნელობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა