4 მარტი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის N2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრა ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციების ცენტრში გაიმართა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაცნობას, ასევე ინოვაციური აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული ლექცია თემაზე - „ინოვაციური იდეის ფორმირება და მისი პრეზენტაცია Canvas-ში“. მონაწილეებმა გაეცნენ იდეების გენერირების თანამედროვე მიდგომებსა და მათი ეფექტური ვიზუალური წარმოდგენის მეთოდებს.
პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ლაბორატორიული სამუშაო iMotions-ის კომპიუტერულ პლატფორმაზე, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე კვლევით აღჭურვილობასთან - თვალის მოძრაობის ტრეკერთან (eye-tracker), სახის კუნთების მოძრაობის ამომცნობ ვიდეოკამერასთან და ადამიანის ფიზიოლოგიური პარამეტრების საზომ Shimmer-ის სისტემასთან. აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს დიზაინის პროცესში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების პრაქტიკულად გაცნობაში დაეხმარა.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინოვაციების გაყიდვების ლაბორატორია, ფაბლაბი (FabLab) და ტელეკომუნიკაციების ლაბორატორიები, სადაც ადგილზე გაეცნენ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას.
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მომავალი აბიტურიენტების დაინტერესება ინოვაციური პროცესებით, საუნივერსიტეტო გარემოთი და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული განათლებით.