უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დანერგილი სიახლეები გააცნო. ახალგაზრდებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ქ. ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, დეკანოზმა, მამა შიომ, გერმანელმა ექსპერტმა ტურიზმის დარგში ჰანს ულრიხ ტროზინმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. კომპანია „მაგთის“ წარმომადგენელმა ხუთ საუკეთესო პირველკურსელს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადასცა. 2013-2014 სასწავლო წელს ბსუ-ში 1046 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 80 სტუდენტმა მიიღო. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 5 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ სასწავლო წლისათვის ამოქმედდება სხვადასხვა სახის ცვლილება. სასწავლო პროცესს წარუძღვება კონკურსის წესით არჩეული აკადემიური პერსონალი.

სტუდენტებს ოთხი ფაკულტეტის ნაცვლად შვიდი ფაკულტეტი მოემსახურება. ცვლილებები შევიდა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების, ფიზიკა-მათემატიკის და კომპიუტერებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი. უცვლელი რჩება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ტურიზმისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტები.

ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. აუდიტორიებში შეიცვალა ავეჯი, ბიბლიოთეკა განახლდა ახალი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურით, ვებგვერდზე აიტვირთება სალექციო კურსებისა და რიდერების ელექტრონული ვერსიები, რომელთა გამოყენებაც შეეძლება თითოეულ სტუდენტს.

უნივერსიტეტში დამონტაჟდა და ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, სადაც სამივე საფეხურის სტუდენტებს შეეძლებათ ლაბორატორიული სამუშაოებისა და კვლევების ჩატარება. იგეგმება ბიოლოგიის ლაბორატორიის გამართვაც.

ჩამოყალიბდა ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოური ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებას საუნივერსიტეტო მასშტაბით. ცენტრში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ენის შესწავლა დონეების გათვალისწინებით არა მარტო სტუდენტებისათვის, არამედ ყველა მსურველისთვისაც.

ახალი სასწავლო წლიდან სტუმარი-პროფესორის სტატუსით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა