აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

სურათი

ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის სახელი მიენიჭა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიას. სამეცნიერო კონფერენციაზე „კონსტანტინე ბაქრაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა ქართული ფილოსოფიური აზროვნების დიდი წარმომადგენლის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს. აკადემიკოსი კონსტანტინე ბაქრაძე 1935 წელს ბსუ-ს ახლადდაარსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრას სათავეში ჩაუდგა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. აკადემიკოსს ბათუმთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, სისტემატიურად ჩამოდიოდა, კონსულტაციებს უწევდა პროფესორ-მასწავლებლებს და ეხმარებოდა კვალიფიკაციის ამაღლებაში.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კოტე ბაქრაძე დაიბადა თბილისში 1898 წელს. ცხრა წლისა თბილისის ქართული გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი სწავლისადმი უჩვეულო ინტერესს ავლენდა და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოტე ბაქრაძე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის შალვა ნუცუბიძის ლექციები და სემინარები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა სტუდენტებში. ფილოსოფიის სემინარებში აქტიური მონაწილეობით, აზროვნების სიღრმითა და სიზუსტით ყველაზე მეტად სტუდენტი კოტე ბაქრაძე გამოირჩეოდა. ამის გამო შალვა ნუცუბიძე მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. 1922 წელს დაამთავრა კოტე ბაქრაძემ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და მისივე რეკომენდაციით უნივერსიტეტში დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად.

ამავე წელს ჟურნალში „ჩვენი მეცნიერება“ გამოქვეყნდა კოტე ბაქრაძის პირველი მეცნიერული შრომა „ალეოთოლოგიური რეალიზმი“, რომელშიც გადმოცემული იყო შალვა ნუცუბიძის ფოლოსოფიური სისტემის შინაარსი.

1922 წელს თბილისის უნივერსიტეტმა კონსტანტინე ბაქრაძე მიავლინა გერმანიაში ფილოსოფიური ცოდნის გასაღრმაველბლად. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა რიკერტის, ებინჰაუზის, ჰუსერლის, რ. კრონერის, ი. კონის, გ. მელისის, თ. ბეკერის ლექციები და სემინარები.

1925 წელს კოტე ბაქრაძე ბრუნდება საქართველოში და ერთი წლის შედეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი ხდება, შემდეგ აბარებს სადოქტორო გამოცდებს. 1928 წელს იგი უნივერსიტეტის დოცენტად აირჩიეს, 1930 წელს - პროფესორად.

1929 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე ბაქრაძის მონოგრაფია „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“, 1936 წელს გამოვიდა მისი წიგნი “სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“. ამ ნაშრომებში გამოვლინდა პირველად კოტე ბაქრაძის ღრმა ფილოსოფიური აზროვნება და რთული საკითხების გაშუქების ნათელი სტილი.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ბატონი კონსტანტინე ბაქრაძე იწყებს ინტენსიურ მუშაობას ლოგიკის დარგში. 1946 წელს გამოვიდა მისი „ლოგიკის“ სახელმძღვანელო პედაგოგიური სასწავლებლებისათვის; საშუალო სკოლებისათვის „ლოგიკის“ სახელმძღვანელო გამოქვეყნდა 1947, 1949, 1951, 1952, 1954 და 1955 წლებში. 1951 წელს რუსულ ენაზე გამოვიდა ლოგიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ბატონი კონსტანტინე ბაქრაძე თავის მრავალმხრივ მოღვაწეობაში ძირითადად წარმოგივდგება როგორც ფილოსოფიის ისტორიის მკვლევარი. გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში გერმანული კლასიკური ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ფუნდამენტური ნაშრომების აქვეყნებს. შემდეგ მისი ინტენსიური კვლევის საგანი ხდება XX საუკუნის დასავლეთის ბურჟუაზიული ფილოსოფიის საკითხები, რასაც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია 1955 წელს გამოქვეყნებული წიგნი: „თანამედროვე ამერიკულ-ინგლისური ფილოსოფია იმპერიალიზმის სამსახურში“. 1960 წელს, თბილისში, რუსულ ენაზე გამოვიდა მისი წიგნი «Очерки по истории новейшей и современной буржуазной философии», 1962 წელს გამოიცა „ეგზისტენციალიზმი“, ხოლო 1965 წელს -„პრაგმატიზმი“.

ამის შემდეგ პროფესორი კონსტანტინე ბაქრაძე კვლავ უბრუნდება ახალი დროის ფილოსოფიის საფუძვლიან გამოკვლევას და 1969 წელს აქვეყნებს უაღრესად საინტერესო ნაშრომს: „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, ნაწილი I. მას ჩაფიქრებული ჰქონდა წიგნის მეორე ნაწილის დაწერაც, სადაც გაშუქებული იქნებოდა გერმანული კლასიკური ფილოსოფია და მომდევნო პერიოდი XX საუკუნემდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო, 1970 წელს გარდაიცვალა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა