უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნეს. 2016-2017 სასწავლო წელს ბსუ-ში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 58-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 419 ახალგაზრდა ისწავლის. საინფორმაციო შეხვედრების დასასრულს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით წიგნის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მწერლებთან დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული და რეაბილიტირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ხვდება. სრულად გარემონტდა ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსი, აგრარული და მემბრანული  ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა, სპორტული მოედანი და სტუდენტთა ყოფილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსად გადაკეთდა. ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FAB-LAB BSU) და განახლდა მინერალოგიის, ზოოლოგიის კაბინეტები. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოემსახურება თხევადი და მყარი ნივთიერებების ექსპრეს-დიაგნოსტიკის ლაბორატორიით განახლებული ფიზიკის კაბინეტები. სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტომატოლოგიური კლინიკა “BSU DENTI”. ასევე გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია და ფსიქოლოგიური კლინიკა. გამოცდებისა და უნარ-ჩვევების ცენტრისთვის შეიქმნა ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ერთიანი სივრცე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტზე 6 500-მდე სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა