გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნარგიზ ალასანია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნოლოგიური  ფაკულტეტის აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნარგიზ  ალასანიას  გარდაცვალების გამო.

პროფესორმა ნარგიზ ალასანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრარული დარგის  განვითარებასა და მომავალი სპეციალისტების აღზრდის საქმეში. ასწავლიდა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა სასწავლო კურსებს, ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს. იგი გახლდათ არაერთი მონოგრაფიისა და  40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო „გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები“. თანაავტორია მონოგრაფიისა „მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“. მისი სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის სამეცნიერო ჟურნალებში.

ნარგიზ ალასანია 2010-დან 2022 წლამდე იყო ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 1995-2007 წლებში მუშაობდა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის მიღებული აქვს საპატიო სიგელები და 2025 წელს დაჯილდოვდა რუსთაველის მედლით.

ნარგიზ ალასანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა