
ბსუ-ში ქართველი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ქართული ენა ციფრულ ეპოქაში - ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.“ ლექცია მიეძღვნა ცნობილი მეცნიერის 25 წლიან საქმიანობას გერმანიაში.
პროფესორმა მანანა თანდაშვილმა საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრა: ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორიასა და ძირითად ეტაპებზე, გამოყენების სფეროებსა და თანამედროვე AI აპლიკაციების შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტის განსხვავებებზე, ურთიერთმიმართებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკურ საკითხებზე.
ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქართული ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს ციფრულ ეპოქაში. აღინიშნა ქართული ენის ტექნოლოგიური მხარდაჭერის, ციფრულ სივრცეში მისი განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობა.
საიუბილეო ღონისძიებაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს პროფესორ მანანა თანდაშვილის მრავალწლიან სამეცნიერო საქმიანობაზე გერმანიაში, მის მნიშვნელოვან წვლილზე კავკასიოლოგიის, ქართული ენის ციფრული დოკუმენტირების, კორპუსული ლინგვისტიკისა და ენის მოდელირების მიმართულებით. ასევე აღინიშნა მისი როლი გერმანიაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისა და ქართულ-გერმანული სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესორ მანანა თანდაშვილის დამსახურებაზე ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნისა და ქართული ენის ციფრული რესურსების განვითარების მიმართულებით. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს ფრანკფურტისა და ბათუმის უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიციაზე, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები.
| უკან |












