
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის ლიტერატურა და კულტურა 4 და მის ფარგლებს გარეთ - თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთრეფლექსიები“ გაიმართა, რომელიც შავი ზღვის რეგიონს განიხილავს როგორც მრავალენოვან, მრავალკულტურულ და დინამიკურ სივრცეს, სადაც ლიტერატურა და თარგმანი ურთიერთქმედებს სხვადასხვა კულტურულ, ისტორიულ და იდეოლოგიურ კონტექსტთან.
კონფერენციაში მონაწილეობს 43 მკვლევარი 14 ქვეყნიდან, საქართველოდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, თურქეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, სომხეთიდან, ჩეხეთიდან, კანადიდან და მაროკოდან. საერთაშორისო პროგრამა აერთიანებს ლიტერატურის, თარგმანის, კულტურის კვლევების, კოგნიტური ლინგვისტიკისა და ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს და მოიცავს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ მოხსენებებს.
კონფერენცია მიზნად ისახავს შავი ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ლიტერატურული და თარგმნითი პროცესების ინტერდისციპლინურ კვლევას და რეგიონს წარმოაჩენს როგორც კულტურული ურთიერთქმედების, მედიაციისა და ახალი ინტერპრეტაციების წარმოქმნის მნიშვნელოვან სივრცეს. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორპუსლინგვისტური და კოგნიტური მეთოდების გამოყენებას, რაც შესაძლებელს ხდის თარგმნითი ნიმუშების სისტემურ კვლევას. ამასთან, მთარგმნელის ჰაბიტუსისა და კულტურულად განპირობებული კოგნიტური სქემების გათვალისწინება თარგმანის ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში გააზრების შესაძლებლობას აფართოებს.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
- შავი ზღვა და მის ფარგლებს გარეთ: ლიტერატურა და კულტურა;
- შავი ზღვის ლიტერატურის თარგმანის პრაქტიკა და ემპირიული კვლევები;
- თარგმანის ინტერრეფლექსიურობა;
- კულტურული იმპერიალიზმი ლიტერატურასა და თარგმანში;
- ენობრივი გადასახლება და კულტურული თარგმანი;
- ცენზურა და ლიტერატურული ურთიერთობები.
კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.
| უკან |



















