საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა გია ჯაფარიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა ლიანა მელიქიშვილმა, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია აერთიანებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დარგის წამყვან ექსპერტებს.

კონფერენცია მიზნად ისახავს ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.

კონფერენციაში მონაწილეობს 30-მდე მომხსენებელი, რომლებიც თემებს შემდეგი სამი სექციის მიმართულებით წარმოადგენენ:

I სექცია - ქრისტიანული მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობა

2026 წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე. აღნიშნული თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სექცია დაეთმობა ქრისტიანული კულტურის, ისტორიის, ეროვნული იდენტობის, ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ფილოლოგიის, არქიტექტურისა და ისტორიული წყაროების კვლევის თანამედროვე საკითხებს.

II სექცია - ზუსტი მეცნიერებების სწავლების თანამედროვე გამოწვევები

სექციაზე განხილული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტენდენციები, STEM განათლების განვითარების პერსპექტივები, ინოვაციური სასწავლო მეთოდები, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში და ზუსტი მეცნიერებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები.

III სექცია - აგრარული მეცნიერებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

სექცია დაეთმობა კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების, აგროეკოლოგიის, სასურსათო უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და აგრარული მეცნიერებების განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებს.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ბსუ-ს სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ დაათვალიერეს და სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერები დატოვეს.

კონფერენციის გახსნის ცერემონია საიუბილეო კონცერტით დარსულდა

 

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა