
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან ერთად, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებსა და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ ხაზი გაუსვა შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების განსაზღვრის, სამეცნიერო მიმართულებებისა და ხარისხობრივი პარამეტრების გაძლიერების, პოსტდოკების ინსტიტუტების შექმნის, პროფესიული პროგრამების განვითარების, დაფინანსების თანამედროვე მოდელზე გადასვლისა და რეფორმით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც პროფესორ-მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილების, თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალ საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს. ზვიად გაბისონიამ სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერი დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ბსუ-ს რექტორთან ერთად, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს შეხვდა. სტუმრებმა ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, უახლესი სტანდარტებით მშენებარე სათბური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების კოლექციები დაათვალიერეს. შეხვედრას ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე და ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე ესწრებოდნენ.
| უკან |




















