
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ. მათ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემებზე: „ნარკოდამოკიდებულება, როგორც ბიოფსიქოსოციალური დაავადება - უხილავი ზიანი ადამიანიდან საზოგადოებამდე“, „ნარკომანია და ნარკოტიკების სუბკულტურა“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოში“. მოხსენებები წარადგინეს მოზრდილთა და ზრდასრულთა ფსიქიატრ-ნარკოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, ასევე ბსუ-ს სტუდენტებმა, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატში პრაქტიკას გადიან.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა და მას უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, კომიტეტის აპარატისა და ირმა ხვიჩიას სარეაბილტაციო ცენტრის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
| უკან |












