
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ასევე განიხილეს უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, განათლების რეფორმაზე, რომელიც სტუდენტებს უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობას სთავაზობს და სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების თანამედროვე მოდელზე გადასვლის უპირატესობებზე.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბსუ-ში აქტიურად ხორციელდება და იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უნივერსიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.
ეს მხარდაჭერა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებით უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მიმდინარე რეფორმებთან, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კიდევ უფრო გაძლიერდეს უნივერსიტეტის როლი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში.
შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევითი გარემოს განვითარება და ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 2026 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება; მიმდინარე წელს დაგეგმილია აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბსუ-ს წიგნადი ფონდის განახლება, საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება-ტექნიკური აღჭურვა და სხვა.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის და აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ბსუ-ს აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობითა და ორგანიზებით იგეგმება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.
2026 წელს გაორმაგდება წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც აჭარის მთავრობის 1000 ლარიანი სტიპენდიები გადაეცემათ; გაგრძელდება სტუდენტთა დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასობით სტუდენტის დაფინანსება, ასევე, გაცვლითი პროგრამები ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობა და სხვა.
ზურაბ პატარაძემ მოისმინა პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები, აკადემიური საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ
| უკან |


















