
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ყოფილი რექტორის, პროფესორის, აღიარებული მათემატიკოსის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წევრის, გეომეტრიული ტოპოლოგიის ცნობილი მკვლევრის, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მრავალი თაობის აღმზრდელის ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალების გამო.
ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, მისი ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გეომეტრიული ტოპოლოგიის სამეცნიერო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც წარმატებით აგრძელებენ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
იგი გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 50-მდე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორი, 5 საგრანტო პროექტის ინიციატორი, კოორდინატორი და შემსრულებელი, გამოცემული აქვს ორი და გამოსაცემად მომზადებული ერთი სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 6 სადოქტორო დისერტაცია.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე დაიბადა 1952 წელს, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლის განვითარებასთან. პროფესორ ვლადიმერ ბალაძის კვლევები მოიცავდა ტოპოლოგიის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიმართულებებს - განზომილების, ჰომოლოგიის, ჰომოტოპიის, რეტრაქტების, შეიპებისა და კატეგორიათა თეორიებს. იგი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.
პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სახელს უკავშირდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარის „გეომეტრიული ტოპოლოგია და გამოყენებანი“ დაარსება და ახალგაზრდა მეცნიერთა არაერთი თაობის აღზრდა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ექვსი სადოქტორო დისერტაცია. ბატონი ვლადიმერის გამოკვლევები და იდეები გახდა არაერთი მათემატიკოსის შრომების საფუძველი და სამეცნიერო საქმიანობის სტიმული. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, იგი გამორჩეული პედაგოგი და ორგანიზატორი იყო. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა აკადემიური კარიერის ყველა საფეხური, ხოლო 1991 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად, 2008 წლიდან იყო მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ერთერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად. იგი მუდმივად ინარჩუნებს სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ ცენტრებთან და საზოგადოებებთან. არის მრავალი საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში შექმნილმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა, სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა ექსპერტთა აღიარება და მხარდაჭერა.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ფართო ერუდიციით, კოლეგებისა და სტუდენტებისადმი კეთილგანწყობითა და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით. ვლადიმერ ბალაძეს სიცოცხლეშივე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და აღიარება, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
ბატონი ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.
| უკან |
