ბსუ-ში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა

სურათი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრას ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე, გიორგი ქათამაძე და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი, გოჩა დავითაძე ესწრებოდნენ.

გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს აპლიკანტთა ინფორმირებულობის ამაღლებას, საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მონაწილეთა მხარდაჭერას გამოცდების ეფექტიანად დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე წელს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პრინციპებზე და საგამოცდო პროცესების ორგანიზების ძირითად თავისებურებებზე.

თამარ მემანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესსა და კონკურსის პრინციპზე. მისი განცხადებით, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო მათი წაშლა და პრიორიტეტების გადანაცვლება შესაძლებელია აპელაციების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე.

დირექტორის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩატარდება. მისი განმარტებით, გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა პროცესი დადგენილი სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

აღინიშნა, რომ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 11 მაისს დასრულდა.

შედეგების თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაცია  29 000-ზე მეტმა პირმა გაიარა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც 300-ზე მეტი აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა