
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერული კვირეული პანელური დისკუსიით გაიხსნა თემაზე: „ადგილობრივი შრომის ბაზარი - ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“. დისკუსია მიზნად ისახავს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებზე, განათლების სისტემისა და ბიზნესის თანამშრომლობაზე, შრომითი სტანდარტების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების გზებზე მრავალსექტორული დიალოგის წარმართვას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, საქართველოს მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილემ ირაკლი სვანაძემ, საქართველოს მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილემ მაია მიქაიამ.
მომხსენებლებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აჭარის შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარების გამოწვევები, განათლების სისტემის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის პარტნიორობის მნიშვნელობა, შრომითი სტანდარტები, უსაფრთხოება და ღირსეული შრომითი გარემო; ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობა, „რბილი უნარები“ და მენტორინგის როლი.
| უკან |
















