ხუსეინ ხალვაშის 100 წლის იუბილე აღინიშნა

სურათირსუ-ს 509-ე და 511-ე აუდიტორიებს ცნობილი მეცნიერის, ფიზიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ხუსეინ ხალვაშის სახელი მიენიჭა. ღვაწლმოსილი მკვლევრის საიუბილეო სხდომაზე პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, კოლეგებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მიღწევები და განვლილი გზა. ხუსეინ ხალვაშის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ფიზიკის აქტუალური პრობლემები - ბათუმი 2012“. კონფერენციის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიის ეკოლოგიური მონიტორინგი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდით და ტალღური პროცესების შესწავლა რეალურ გარემოში“ (GNSF/STO8/5-451) კვლევის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ცნობილი მეცნიერი, ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე ხუსეინ თევრათის ძე ხალვაში დაიბადა 1912 წელს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1931 წელს მუშაობა დაიწყო ანგისის საფაბრიკო-საქარხნო სკოლის გამგედ. მალე იგი ხულოს რაიონის განათლების ინსპექტორად გადაჰყავთ. 1933-1934 წლებში ხულოს მუშა-ახალგაზრდობის პოლიტექნიკური სკოლის სასწავლო ნაწილი და მასწავლებელია.

1939-1943 წლებში ხუსეინ ხალვაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემეტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასპირანტად, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, უფროს მასწავლებლად. 1947 წელს მიავლინეს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაამუშავა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კულონური ურთიერთმოქმედების გავლენა პოზიტრონიუმის ატომზე“, რომელიც წარმატებით დაიცვა 1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1949-1972 წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრას. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობა და მაგნეტიზმის, ოპტიკის, ელექტრო–რადიოტექნიკის, ფიზიკის მეთოდიკის, ასტრონომიის კაბინეტ-ლაბორატორიები, იგი მსოფლიო მნიშვნელობის დაკვირვებებს ახდენდა თანამგზავრების მოძრაობაზე მის მიერვე შექმნილი ვიზუალური სადგურით.

ხუსეინ ხალვაში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით და მეთოდიკურ მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფია, ასამდე სამეცნიერო ნაშრომი და დამხმარე სახელმძღვანელოები. მის სახელს უკავშირდება სალექციო კურსები: „სტატისტიკურ ფიზიკაში“, „ელექტროდინამიკაში“, „ფარდობითობის თეორიაში“, „ოპტიკასა და კვანტურ მექანიკაში“. ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: „კულონური ურთიერთქმედების გავლენა პოზიტრონიუმის ატომის გამოსხივებად გარდაქმნაზე“, „მეზონის ელექტრონეიტრონად დაშლის საკითხისათვის“, „ატომბირთვული ძალების ინდუქციური მოდელი“, პოზიტრონის გავლა ელექტრონულ გაზებში“, „მრავალ ნაწილაკთა პრობლემისათვის“, „ნივთიერებაში პოზიტრონის ანჰილაციის საკითხისათვის“, „ტალღური პროცესების ზოგიერთი მეთოდიკური და თეორიული საკითხები“... მისი შრომები გამოქვეყნებულია უცხოეთის ბევრ ჟურნალში.
პედაგოგიური საზოგადოებისთვის ცნობილია ხ.ხალვაშის მიერ ჩატარებული ორწლიანი ექსპერიმენტი ბათუმის №1 საშუალო სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა აჭარის განათლების სამინისტროს ფიზიკა-მათემატიკის სექცია, რომელსაც სათავეში ედგა 40 წლის განმავლობაში.

ხუსეინ ხალვაში აჭარიდან პირველი ახალგაზრდა იყო რომელმაც ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მას მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით, მისი სახელი შესულია ინსტიტუტის საპატიო წიგნში. მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა