ბსუ-ში პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ხუსეინ ნაკაიძის შვილიშვილთან, ზურაბ ნაკაიძესთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, ხუსეინ ნაკაიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხუსეინ ნაკაიძემ სამწლიანი (1935-1938) მოღვაწეობის პერიოდში დიდი ამაგი დასდო ბათუმის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეს. ინსტიტუტის მხოლოდ პირველ გამოშვებას დაესწრო, რადგან საბჭოთა რუსეთის რეპრესიებმა შეიწირა და 1938 წელს  „მავნებლის“, „ხალხის მტრის“ ბრალდებით სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და დახვრიტეს. 

ხუსეინ ნაკაიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის ინსტიტუტის განვითარებაში. მისი ზრუნვის არეალი ვრცელი იყო: სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნა, სასწავლო პროცესის გამართვა, ფაკულტეტებისა და კათედრების ჩამოყალიბება, პროფესორთა მოწვევა, სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზება, სტუდენტთა სამეცნიერო წრეების შექმნა, სწავლების, სწავლისა და სამეცნიერო მუშაობის შედეგების შეჯამება-განხილვა, სასწავლებლის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, ბიბლიოთეკისა და  შენობის მოწესრიგება, ეზოსა და  სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის კეთილმოწყობა. განსაკუთრებით გულშემატკივრობდა სტუდენტებს, ინტერესდებოდა მათი ცხოვრების პირობებით, კვებით, ჯანმრთელობით; ბევრს მატერიალურად უმართავდა ხელს. ხშირად სტუმრობდა იმხანად ინსტიტუტის ეზოში განთავსებულ სტუდენტთა ქსენონს და სტუდენტებისთვის საკვები და წამლები მიჰქონდა.

ბათუმის ინსტიტუტის პირველი გამოშვება 1937 წლის 22 ივნისს შედგა. პირველი დიპლომი  მიიღო 158 კურსდამთავრებულმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი დღე ხუსეინ ნაკაიძის ცხოვრებაში და შედეგი მისი თავდაუზოგავი შრომის.
ხუსეინ ნაკაიძე დაიბადა 1905 წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში, ადრე დაობლდა და იზრდებოდა დედის ბაბუას - დიდი მამულიშვილის, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრის, გული კაიკაციშვილის ოჯახში.
ხუსეინ ნაკაიძე 1913 წელს მიაბარეს ქობულეთის ორკლასიან სასწავლებელში. 1914 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით, ცნობილი მეცენატი ძმების, ზუბალაშვილების სტიპენდიით ხუსეინ ნაკაიძე ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1918 წელს ის გადმოიყვანეს ბათუმის ქართულ გიმნაზიაში.  1924 წელს, ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი 1929 წელს დაამთავრა. მუშაობდა პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორად, აჭარის სახალხო განათლების კომისრად, კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1935 წელს დაინიშნა ახლად გახსნილი სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია ხუსეინ ნაკაიძის სახელობის სტიპენდია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა