ღვაწლმოსილი ქართველი ისტორიკოსი იური სიხარულიძე 95 წლისაა

სურათი

95 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ იური სიხარულიძეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი ულოცავენ პროფესორ იური სიხარულიძეს იუბილეს და დაბადებიდან 95-ე წლის აღსანიშნავად,  ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის,  ახალგაზრდა თაობის აღზრდაში და სამეცნიერო კადრების მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ მას უნივერსიტეტის მედლით.

პროფესორი იური სიხარულიძე დაიბადა 1926 წელს ჩოხატაურის რაიონის ს. გოგოლესუბანში, 1938 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის საბაზო-სანიმუშო სკოლაში, საიდანაც 1940 წელს სასწავლებლად გადაიყვანეს ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის სკოლაში, რომელიც 1944 წელს დაამთავრა, იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტის ბათუმის სასწავლო პუნქტში. 1945 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, სწავლა გააგრძელა  ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ), პარალელურად დაინიშნა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1953 წელს იური სიხარულიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გურიის 1841 წლის აჯანყება“; 1954 წელს იგი აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად; 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველი ხალხის ბრძოლა თათარ-მონღოლთა მფლობელობის წინააღმდეგ XIII-XIV საუკუნეებში“; 1974 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე. 1979 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ბათუმის სამუზეუმო კვლევითი მუზეუმის ისტორიის განყოფილებას.

პროფესორი იური სიხარულიძე ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და ასეულობით საგაზეთო სტატიის  ავტორია. მის ნაშრომებს ისტორიულ გეოგრაფიაში მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკადემიკოსები: აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სერგი ჯიქია, გიორგი მელიქიშვილი და სხვ., გამოარჩევდნენ მის  „მისაბაძი საქმის მოყვარეობას, ენერგიასა და უნარს“ (ნ. ბერძენიშვილი).

მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ორტომიანი ფუნდამენტური  ნაშრომი "სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. ასევე "ჭანეთი (ლაზეთი)", "ნიგალი (ლივანა)", "შავშეთ-იმერხევი", „ნათელი დაუღამებელი“(ტბელ აბუსერისძე) და სხვ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან ერთად შეისწავლა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეები: კარნი, სპერი, ტაო, კლარჯეთი, ჭანეთი, არტაანი, სამცხე და სხვ., შეადგინა ისტორიული რუკები, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

იური სიხარულიძის სამეცნიერო ინტერესები მრავალმხრივია, მან მრავალი საინტერესო სტატია უძღვნა ქართული ლიტერატურის ისტორიას, ქართულ მედიცინის ისტორიას, ფოლკლორს, სამართლის ისტორიას, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას, ბიზნესის ისტორიას, სხვადასხვა მოღვაწეთა ბიოგრაფიებს და ა.შ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას.

აღსანიშნავია იური სიხარულიძის პედაგოგიური მოღვაწეობა, ის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში (ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი და ა.შ.) კითხულობდა პალეოგრაფიის კურსს, არქეოლოგიას, სამართლის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მუსიკალურ ფოლკლორს და სხვ. მან პედაგოგიურ სარბიელზე ასისტენტიდან პროფესორობამდე უკლებლივ ყველა საფეხური ღირსეულად გაიარა, არჩეული იყო კათედრის გამგედაც. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა არაერთი დისერტაცია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა