მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი ბიბლიოთეკა გამომცემლობა


















უნივერსიტეტის სიახლეები
27 იანვარი 2012 წელი
ვასიფ იუსიფ ოღლი ტალიბოვი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასიფ იუსიფ ოღლი ტალიბოვს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ახალი აზერბაიჯანის პარტიის პრეზიდიუმის პოლიტიკური საბჭოსა და მსოფლიოს აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ხელს შეუწყობს ქართულ და აზერბაიჯანულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დაიგეგმა რსუ-სა და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება.
25 იანვარი 2012 წელი
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მოსკოვის გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტის ქიმიისა და ნავთობის ნახშირბადების ლაბორატორიის გამგემ გურამ გორდაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“. აკადემიკოსმა ნახშირბად-ბიომარკერ შენაერთებზე, ნორმალურ და იზოპრეინოდული აგებულების ალკანებზე, სტერანებზე და ტერპანებზე, არომატულ ნახშირწყალბადებზე ისაუბრა და სხვადასხვა ტიპის ნავთობის ქრომატოგრამები წარმოადგინა.
23 იანვარი 2012 წელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით შაქარაშვილი და აჭარისა და გურიის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი თენგიზ სარჯველაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სტაჟირების პროგრამა გააცნეს. კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსის გავლისა და დასაქმებისა. სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკის გაცნობაში. გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. ... »»»
18 იანვარი 2012 წელი
Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS პრეზენტაცია
Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS-ის კოორდინატორი, გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის პროფესორი კარლოს მაჩადო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რსუ-ს რექტორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის კოორდინატორი წარუდგინა და პროგრამის მნიშვნელობასა და გიოტინგენის უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. Erasmus Mundus-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას, სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიალოგსა და ურთიერთგაგებას... »»»
16 იანვარი 2012 წელი
“ვესაუბროთ ერთმანეთს: პირადი მოგონებები სომხეთისა და თურქეთის წარსულიდან“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით: “ვესაუბროთ ერთმანეთს: პირადი მოგონებები სომხეთისა და თურქეთის წარსულიდან“. გამოფენა ორგანიზაცია dvv international-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული საუკუნოვანი კონფლიქტის მოგვარებას. მოძრავ გამოფენაზე ორივე ეროვნების ადამიანების მოგონებებია წარმოდგენილი როგორც ტექსტების, ისე ვიდეო ჩანაწერების სახით. “ვესაუბროთ ერთმანეთს: პირადი მოგონებები სომხეთისა და თურქეთის წარსულიდან“ 23 იანვარს დაიხურება.
16 იანვარი 2012 წელი
ავთანდილ ბარათაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
რსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ბატონ ავთანდილ ბარათაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. 2007 წლიდან ბატონი ავთანდილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში. რამდენიმე წელია მისი ინიციატივით, სისტემატიურად პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტებისათვის გაიცემა პრემიები და სტიპენდიები. ავთანდილ ბარათაშვილის ფინანსური მხარდაჭერით ასევე იგეგემება სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
29 დეკემბერი 2011 წელი
დამდეგი შობა-ახალი წელი უნივერსიტეტში კონცერტით აღინიშნა
2011 წელი შეაფასა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. რექტორმა სააქტო დარბაზში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე უმაღლეს სასწავლებელში დანერგილ სიახლეებზე, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წარმატებით გავლაზე, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიება ტრადიციულად უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი საახალწლო კონცერტით დასრულდა. დაწყებითი განათლებისა და სპორტის სპეციალობების I-II კურსის სტუდენტებმა კულინარული ნაწარმის გამოფება-გაყიდვა მოაწყვეს, შემოსული თანხა ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს მოხმარდება.
29 დეკემბერი 2011 წელი
მემორანდუმი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ გოგოხიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიულ განვითარებას და სამართლებრივი კვლევების წარმართვას. დაიგეგმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სტუდენტების სტაჟირება, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება.
27 დეკემბერი 2011 წელი
ბათუმის მერიამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიპლომი გადასცა
ბათუმის მერიამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2011 წლის ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური ღონისძიებების მხარდაჭერისათვის დიპლომი გადასცა. ქალაქის მერიის ორგანიზებით წელს 11 მუნიციპალური პროგრამა განხორციელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე ბათუმის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპატრამენტის წევრებმა წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2012 წლის პროგრამები წარმოადგინეს.
23 დეკემბერი 2011 წელი
„მან-სან-კანის“ საუკეთესო გუნდად „სამასი აგრონომი“ დასახელდა
პირველობა ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მან-სან-კანის“ გუნდებს შორის. შეჯიბრში მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ბსუ“, აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის გუნდი „სამასი აგრონომი“, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდი „კარიკატურა“ და ტურიზმის ფაკულტეტის გუნდი „ტურისტები“ ღებულობდა. მხიარულმა და საზრიანმა ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ორ ნომერში, მისალმებასა და სკეტჩში წარმოაჩინეს. „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაშების ჩემპიონატში პირველობა „სამას აგრონომს“ ერგო. შეჯიბრის საუკეთესო მონაწილეებით საუნივერსიტეტო გუნდი დაკომპლექტდა, რომელიც საქართველოს მან-სან-კანის ჩემპიონატში მიღებს მონაწილეობას.




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 27.01.2012
გვერდი იხილა 1 435 149 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ