7 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოს, ასევე DAAD-სა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ,,გერმანული ენის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ორგანიზატორი ინსტიტუციების წარმომადგენლები მიესალმნენ.
მასშტაბური ღონისძიება მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა - შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, სემინარები და ვორკშოფები მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლა გერმანიაში, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები, ხელოვნური ინტელექტის გაკვეთილზე დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები და სხვა. შემეცნებითი, გასართობი, თეატრალური და მუსიკალური სანახაობები განკუთვნილი იყო ბავშვებისათვის 3 წლიდან, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.
,,გერმანული ენის დღის“ პროგრამის ფარგლებში პროექტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ წარადგინეს ფოტოგრაფიის, მხატვრობისა და ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლებმა. პროექტის მიზანია რეგიონებში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCI) გაძლიერებისა და ადგილობრივი კულტურული სექტორის წარმომადგენლების წარმოჩენის მხარდაჭერა.
,,გერმანული ენის დღის“ ღონისძიებებს თანაორგანიზება გაუწია და სხვადასხვა აქტივობებით მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ.