სემინარები

2026 წლის 25 ივნისს 12:00 საათზე N328 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი ჩაატარებს სემინარს თემაზე: "მიკრობიომი და იმუნიტეტი, უხილავი კავშირი".

მიკრობიომი და იმუნიტეტი: უხილავი კავშირი

ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით ნაწლავის მიკრობიოტა, თანამედროვე ბიომედიცინაში აღიარებულია როგორც იმუნური სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური რეგულატორი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ლოკალურ, ისე სისტემურ იმუნურ პასუხებს. უკანასკნელი სამი წლის კვლევების მიხედვით, მიკრობიოტასა და იმუნურ სისტემას შორის ურთიერთქმედება წარმოადგენს დინამიკურ, ორმხრივ პროცესს, რომელის ფარგლებშიც მიკროორგანიზმები არამხოლოდ გავლენას ახდენენ იმუნურ ფუნქციებზე, არამედ თავად იმუნური სისტემა არეგულირებს მიკრობული ეკოსისტემის ფუნქციას.

მიკრობიოტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებასა და მომწიფებაში. მიკრობების არარსებობის პირობებში აღინიშნება T-ლიმფოციტების აქტივობის და ზოგადად იმუნური პასუხის დაქვეითება, რაც ხაზს უსვამს მიკრობული სტიმულაციის აუცილებლობას იმუნური კომპეტენციის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიკრობიოტა მონაწილეობს იმუნური ტოლერანტობის ფორმირებაში, რაც აუცილებელია ორგანიზმისათვის უვნებელი ანტიგენების მიმართ ადეკვატური რეაქციის შესანარჩუნებლად.

მიკრობიოტას მიერ გამომუშავებული მეტაბოლიტები, მათ შორის მოკლე ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები (SCFAs), მოქმედებენ როგორც იმუნომოდულატორები. აღნიშნული ნაერთები გავლენას ახდენენ იმუნური უჯრედების დიფერენციაციაზე, ციტოკინების სეკრეციაზე და ანთებითი პროცესების რეგულაციაზე, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს იმუნური პასუხის ინტენსივობას და ტიპს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი ანთების კონტროლში და იმუნური ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, მიკრობიოტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრონიკული ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების პრევენციაში. დისბიოზი დაკავშირებულია იმუნური რეგულაციის დარღვევასთან, პროანთებითი ციტოკინების მატებასთან და დაავადებების, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება და სისტემური წითელი მგლურა, პროგრესირებასთან.

ნაწლავის მიკრობიოტა, ასევე წარმოდგენს ფიზიკურ ბარიერს, რომელიც იცავს მასპინძელს პათოგენებისაგან, ზღუდავს რა პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას კონკურენციის გზით და აძლიერებს ეპითელურ ბარიერს. მიკრობიოტის დისბალანსი (დისბიოზი) იწვევს ბარიერული ფუნქციის დარღვევას, რაც ზრდის ანთებითი და ინფექციური დაავადებების რისკს.

უახლესი კვლევები უმეტესად კონცენტრირებულია მიკრობიოტის როლზე ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების მიმართ. დადგენილია რომ, ჯანსაღი მიკრობიოტა აძლიერებს ანტივირუსულ იმუნიტეტს და ხელს უწყობს მასპინძლის დაცვას, მაშინ როდესაც დისბიოზი ასოცირებულია იმუნური პასუხის დაქვეითებასთან და დაავადებების პროგრესირებასთან.

საბოლოოდ ნაწლავის მიკრობიოტა წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც მოქმედებს როგორც იმუნური რეგულაციის კრიტიკული პლატფორმა. მისი გავლენა ვრცელდება იმუნური სისტემის განვითარებაზე, ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე, ინფექციებთან ბრძოლასა და დაავადებების პრევენციაზე.

აღნიშნული ფაქტორები მიკრობიოტას აქცევს პერსონალიზირებული მედიცინისა და ახალი თერაპიული სტრატეგიების ჩამოყალიბების  პერსპექტიულ სამიზნედ.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა