სემინარები

2026 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე N44 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნანა ხახუტაიშვილი და პროფესორი მერაბ ხალვაში ჩაატარებენ სემინარს თემაზე: ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარის კერამიკული მასალა

ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარის კერამიკული მასალა


სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ძველი კოლხური ცივილიზაციის წარმოქმნა-განვითარების ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონთაგანია, რომლის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა დაახლოებით 80 წლის წინ დაიწყო. აქ გამოვლინდა მრავალი საინტერესო ძეგლი, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიო არქეოლოგიის უმნიშვნელოვანეს შენაძენად შეიძლება ჩაითვალოს და უნიკალურია მთელი კავკასიისათვის. ასეთ ძეგლთა რიცხვს ეკუთვნის აჭარაში, ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული ისპანის ტორფნარში გამოვლენილი ნამოსახლარი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ რეაგირებდა ადამიანი კლიმატურ და გეოლოგიურ ცვლილებებზე ათასწლეულების წინ. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ზღვისპირა ზოლში არსებულმა გეომორფოლოგიურმა და პალეოკლიმატურმა ვითარებამ განაპირობა ადამიანის მიერ ისპანის ტერიტორიაზე ჯერ დასახლება, ხოლო შემდეგ ამ დასახლების მიტოვება. ძეგლი დღეს დაახლოებით 2-მეტრიანი ტორფის ფენითაა დაფარული. 
ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი ადრე ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და ორ ქრო-ნოლოგიურ ჰორიზონტს შეიცავს. დასახლება წარმოქმნილია ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო მიუტოვებიათ - ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში. 
ისპანის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ქვედა კულტურული დონე მოწმობს, რომ ძვ.წ. IV ათასწლეულში შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული პალეოკლიმა-ტური პირობები იძლეოდა საშუალებას, რომ აქ ადამიანი დასახლებულიყო და თავისი სამოსახლო (სახლი) პირდაპირ ზღვისპირა სილაზე, ჯარგვალებზე გაემარ-თა. ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში დაწყებულმა ტრანსგრესიულმა მოვლენებმა, როგორც ჩანს, აიძულა ადამიანი, ჯერ ხიმინჯებზე მდგარი სახლები აეშენებინა წყლის მოწოლისგან თავის დასაცავად, ხოლო შემდეგ, საბოლოოდ მიეტოვებინა ზღვისპირა ზოლი და უფრო მაღლობ ადგილებზე გადასახლებულიყო. როგორც ფიქრობენ, ამ დროს ისპანის მოსახლეობა ნამჭედურის ბორცვზე სახლდება. ამაზე უნდა მეტყველებდეს ისპანის ნამოსახლარის ზედა ფენის მასალის მსგავსება ნამჭედურის ყველაზე ადრეული ფენის მასალასთან. 
ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი შემთხვევით აღმოაჩინეს 1968 წელს ქობულეთის ტორფნარში სადრენაჟო არხების გაყვანის დროს, როდესაც ექსკავატორის ციცხვმა, დაახლოებით 150-200 მეტრის სიგრძეზე დაარღვია ძველი ნამოსახლარის კულტურული ფენები და ამოყარა საინტერესო არტეფაქტები. ამოყრილი მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელთა ფრაგმენტები, ხელსაფქვავები, რიყის ქვის საწაფები, კაჟის ანამტვრევ-ანატკეცები, კვირისთავები და სხვა. მომდევნო წლებში არაერთხელ მოხდა ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარის დარღვეული ფენების მიდამოების დაზვერვა (1964, 1970, 1971 წწ), რის შედეგად საკმაოდ გაიზარდა ანაკრეფი მასალის რაოდენობა. თუმცა, ეს მასალაც არ იყო საკმარისი ძეგლის სრული შესწავლისათვის. 
ისპანის ნამოსახლარის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1974 წელს პროფ. დავით ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ გათხრების წარმოება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (გრუნტული წყლების მოწოლის გამო), აქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. გათხრების ძირითად მიზანს შეადგენდა წინა წლებში დარღვეული ფენებიდან შემთხვევით გამოვლენილი მასალის წარმომავლობის, რაც მთავარია, მათი სტრატიგრაფიული განლაგების, და, ამასთან, ნამოსახლარის ზუსტი ქრონოლოგიის განსაზღვრა. 
გაითხარა სამი საკონტროლო თხრილი ზომებით -2 X 6 მეტრზე. სამწუხაროდ, კულტურული ფენების მთლიანად აღება მოხერხდა მხოლოდ №2 თხრილის სამხრეთ ნაწილში, ხოლო დანარჩენში - მხოლოდ ნაწილობრივ. 
ისპანის ნამოსახლარის კულტურულ ფენაში გამოყოფენ ორ დონეს/ორ ჰორიზონტს. რადიონახშირბადით დათარიღების მიხედვით, დასახლების უძველესი ქვედა დონე, სადაც ჯარგვალური ნაგებობების ნაშთები დადასტურდა, დათარიღდა ძვ.წ. 3180 და 3150 წლებით, ხოლო ზედა დონე, სადაც ხიმინჯებიან-ჯარგვალური ნაგებობები გამოვლინა - ძვ.წ. 2650 წლით დათარიღდა. 
ისპანის ტორფქვეშა დასახლების ქვედა დონე წარმოიქმნა შუა ჰოლოცენის ატლანტიკურ პერიოდში, როცა შავი ზღვის დონე, რეგრესიული პროცესების (აცივება) განვითარების შედეგად, 3-5 მეტრით დაბლა იყო განლაგებული თანამედროვე ნიშნულთან შედარებით. ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში იწყება ახალი შუალედური ტრანსგრესიული პროცესები, რომელსაც შეესაბამება ისპანის ნამოსახლარის ზედა დონე. ამის შემდეგ ქობულეთის „ქვეყნის“ აკუმულაციურ ველს ადამიანი დიდი ხნით ტოვებს. ზღვისპირა ზოლი ჭაობდება და სამიწათმოქმედო საქმიანობისათვის უვარგისი ხდება.
ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარის მასალაში წამყვანია კერამიკული ნაწარმი, რომელიც ხელითაა ნაძერწი. აქ წარმოდგენილია სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის, რთვა-ქსოვასა თუ მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული თიხის ნაწარმის მთლიანი ნიმუშები. ასევე, დიდი რაოდენობით პროფილირებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. 
წამყვანია ბრტყელძირიანი ცილინდრული მოყვანილობის ქვაბები-ქოთნები თუ ქილები. არის მომრგვალებულტანიანი ნიმუშებიც. მასალაში ჭარბობს პატარა ზომის ქოთნები და კოჭობები. სხვა ფორმებიდან აღსანიშნავია სამარილეები თუ სამედიცინო დანიშნულების მინიატურული ჭურჭლები, ჯამები და ა.შ. 
სამეთუნეო ნაწარმის ასეთი სიმრავლე დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის არცერთ ძეგლზე არ არის ფიქსირებული. როგორც აღვნიშნეთ, ისპანის ნამოსახლარის წარმოქმნის დროიდან მის დაღუპვამდე საკმაო დროს გაუვლია. ამას, სხვა ფაქტორების გვერდით, კერამიკული ნაწარმის ფორმების ევოლუციაზე დაკვირვებაც გვიდასტურებს. კერძოდ, 
ნამოსახლარის ქვედა დონის კერამიკა, რომელიც უპირატესად ქილებითა და დერგებითაა წარმოდგენილი, ხელითაა ნაძერწი, მსხვილი სტრუქტურის თიხისაგან. მათ ახასიათებთ სქელი კეცი, ბევრ შემთხვევაში ბრყტელი ძირი, ფორმების შედარებით სიტლანქე და არქაული ხასიათი. იგრძნობა, რომ თიხის ჭურჭელთა აქ წარმოდგენილი ფორმები ეს–ეს არის შეიქმნა. 
ზედა დონის კერამიკაც ხელითაა ნაძერწი, მაგრამ აქ ფორმები უფრო დახვეწილია, თიხა უკეთაა დამუშავებული, ზედაპირი კარგადაა მოსწორებული, ზოგჯერ გაპრიალებული და კეციც შედარებით თანაბარია. კიდევ მეტიც, აშკარად შეინიშნება, თუ ბრტყელძირიანი ჭურჭლისაგან როგორ თანდათან ვითარდება ძირშეზნექილი ფორმები, ე.ი. შეინიშნება ქუსლის გამოყოფის ტენდენცია. 
ისპანის მონაპოვარში ადგილობრივ თიხის პროდუქციასთან ერთად ჩნდება მტკვარ-არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი შავად გაპრიალებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ისინი კოლხეთის დაბლობისათვის იმპორტულ ნაკეთობადაა მიჩნეული.
ისპანის კერამიკის დიდი ნაწილი სადაა. ზოგჯერ ყელისა და მხრის არეში დაძერწილია წყვილი კოპები. წამყვანია ამოკაწვრით შესრულებული ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, სპირალები, ტალღისებური, მცენარეული თუ ბადისებრი ორნამენტის ადრეული მოტივები. ზოგიერთ ნიმუშზე გვხვდება მოზრდილი სამკუთხა შევრონების გამოსახულებანი. დამახასიათებელია ჰორიზონტალური რელიეფური სარტყლები, რომლებიც ზოგჯერ ჭდეებითაა დაფარული.
ისპანის კერამიკა საფუძველს უყრის დასავლეთ ამიერკავკასიის, უფრო მეტად კოლხეთის ზოლის ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის მეთუნეობას. იგი, ბუნებრივია, ეხმაურება კოლხეთის ზღვისპირეთის (დიხაგუძუბა, ოჩამჩირე, ჭოლიპა) ძეგლების მასალებს. ვარაუდობენ, რომ მისი ერთი ნაწილი შემკობის მოტივებით გარკვეულ მსგავსებას ნახულობს ჩრდილო და ცენტრალური ანატოლიის სამეთუნეო ნაკეთობასთანაც.
ისპანის ნამოსახლარზე, გარდა სამეთუნეო მასალისა, წარმოდგენილი იყო ყუამილიანი ცულის ყალიბები, საბერველების საქშენი მილები, მინიატურული ტიგელები, ყუადაქანებული ცულის ხის მოდელი (რომელიც ტორფმა შემოგვინახა). ასევე, მრავლად იყო ფიქსირებული ხელსაფქვავები, როდინები, საბეგველები, ფილთაქვები, ბადისა თუ ანკესის საძირავებად გამოყენებული რიყის ქვის საწაფები, კაჟის ნამგლის ჩასართები, შურდულის ქვები, მრგვალნახვრეტიანი ქვის ცული და ა.შ. 
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისპანის მოსახლეობას დიდხანს შეუნარჩუნებია ნეოლითური ტრადიციები. კოლხეთის დაბლობის ამ მონაკვეთის ათვისება სწორედ ენეოლითის საფეხურიდან უნდა დაწყებულიყო, ხოლო მსხვილი დასახლება/სამოსახლო ადრებრინჯაოს ხანაში წარმოქმნილა. ძეგლზე იგრძნობა შეგროვებითი მეურნეობის ტრადიციების ნიშნებიც, აქ აღმოჩენილია წაბლის, თხილის, წიწიბოსა და რკოს ნაშთები/ნაჭუჭები. ასევე, დადასტურდა დელფინისა და სხვა თევზეულის, აგრეთვე, ცხოველთა ძვლები.
ისპანის ნამოსახლარის მასალაში ყურადღებას იქცევს თიხის სკულპტურული გამოსახულება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურებისათვის დამახასიათებელია თიხის ანთროპომორფული პლასტიკა. მსგავსი ქანდაკებები ფართოდაა გავრცელებული მახლობელ აღმოსავლეთში. ხშირად ქალის ქანდაკებებზე ნაყოფიერების გამომსახველ ნიშნებზეა ხაზი გასმული. ისინი, როგორც ჩანს, ძირითადად ნაყოფიერებისა და გამრავლების მფარველ ძალებს განასახიერებდნენ.
როგორც ჩანს, ისპანის ნამოსახლარის სახით ჩვენ საქმე გვაქვს კოლხეთის დაბლობის ერთ-ერთ მსხვილ და უადრეს დასახლებასთან.
როგორც აღვნიშნეთ, ადრებრინჯაოს ხანის ფინალური საფეხურისათვის ისპანის ნამოსახლარის მოსახლეობა, ადგილის დაჭაობების გამო, სამოსახლოს ტოვებს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა