სემინარები

2026 წლის 23 აპრილს 15:00 საათზე 37-ე აუდიტორიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის პროფესორი – თინა შიოშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე „ქართველ მეფეთა მითოპორტრეტები“

ქართულ მითოსურ ნარატივებში, გარდა ღვთაებრივი გენეზისის ტიპური მითოსური პერსონაჟებისა, რომლებიც ერთიან მითოსურ სისტემაში განიხილებიან, მოგვეპოვებიან ისეთებიც,, რომლებიც ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანები არიან და მათივე ეპოქაში თუ შემდგომ, სხვადასხვა მიზეზების გამო, მითოსური ელფერი შეიძინეს.

ამგვარი პერსონაჟებად ხშირად ისტორიული პიროვნებები (ხოგაის მინდია, გახუა მეგრელაური, მექობაური და სხვა) და მეფეები (ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, მეფე ერეკლე და სხვანი) გვევლინებიან.

ჩვენემადე მოღწეულ მითოპოეზიასა და პროზაულ მითოსურ ნარატივებში ვახტანგ გორგასალი წარმოგვიდგება ბუმბერაზ, საარაკო ძალის მქონე პიროვნებად, რომლის სახელიც უკავშირდება იალბუზის მთის მითოსს. ამის დასტურია არქაული მითოსური ლექსი ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“, რომლის თანახმადაც, ჩვენს მეფეს

1. ციდან ზარების რეკვა ესმოდა, რაც მითოსური აზროვნების რემითოლოგიზაციის მაგალითია;

2. გოლიათი მეფის ფეხქვეშ მთები იდრიკება;

3. მეფე ვახტანგი ებრძვის არა მარტო ქვეყნის მტრებს, არამედ – ეშმაკებს, ამარცხებს მათ და იალბუზის მთას ადრინდელ სიწმინდეს უბრუნებს.

ვახტანგ მეფის გარდაცვალებას ბუნებაც ისეთივე მტკივნეულად განიცდის, როგორადაც  – ხოგაის მინდიას სიკვდილს:

ვახტანგ მეფე რო კვდებოდა,

ცა ღრუბლით იმოსებოდა...

ქართული მითოსის განსაკუთრებული პერსონაჟია თამარ მეფე. ფშაურ საფერხისო ლექს–სიმღერაში „ბრძანებდა დამბადებელი“ ხაზგასმით  აღინიშნება თამარი წმინდანობა – იგი ღვთისშვილებს გაუტოლა ხალხმა, ხოლო მისი გამეფება უფლის ნებად არის მიჩნეული.                

ხალხურ მითოპოეზიაში თამარ მეფე „ ღმერთთან წილდებულად“, მამა უფლისაგან ხელდასმულად მოიხსენიება და, იმავე დროს, ღვთაებათა იერარქიის მეორე წევრია. თამარს ძალუძდა, ზღვა გადაექანებინა, შუა ზღვაში საზღვარი გაევლო და ქვეყნის მიწა–წყალი გაეფართოებინა.      ღვთისშვილთა მითოსის თანახმად, თამარიც მათ შორის მოიხსენიება; უფრო მეტიც –  იგი გზა–კვალ;ის მიმცემია ღვთისშვილთათვის.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ  გასულ საუკუნეში გამოითქვა მოსაზრება, რომ წარმართულ საქართველოს ჰყავდა ქალღვთაება, წმინდა გიორგის დობილი თამარი (თამარ დედოფალი), რომელსაც შემდგომში ისტორიული მეფე თამარი ჩაენაცვლა და დაჩრდილა.

თამარის მითოპორტრეტი, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იმეორებს ვახტანგ გორგასლის ციკლის მითოლოგემაზე აგებულ ლექსს – თამარ მეფე ღმერთს უყვარდა...“, მასაც აქვს კავშირი დემიურგთან, ციდან ზარების რეკვა მასაც ესმის, რაც ციკლიზაცია–კონტამინაციის ტიპური მაგალითია.

„თამარის ციკლის ხალხური სიტყვიერება ერთობ მდიდარია სხვა ტრადიციული  მითოსური სიუჟეტებითა და მოტივებით. ესენია:

1. თამარის დედის სიზმარი: მომავალი მეფის ინიციაცია;

2. ქალწულის სასწაულებრივი განაყოფიერება (მზის სხივით, ღვთის ბრძანებით, ერის სულის შთაბერვით და ა. შ.);

3. მიტოვებული (გადაგდებული) ბავშვი და მისი გაზრდა ცხოველის (ირმის) მიერ...

4. თამარი – მარადიული გაზაფხულის ანუ სამოთხის დედოფალი;

5. თამარი – ამინდის გამგებელი;

6. ზღვის სტიქიის დამორჩილება;

7. თამარი – მკურნალი დედოფალი, იგივე ჯანმრთელობის ღვთაება;

8. მზის სხივზე დგომა, რძეში განბანვის რიტუალი...

გამითიურებულ ქართველ გვირგვინოსანთა შორის გამორჩეულია, აგრეთვე, მეფე ერეკლე. მეფე ერეკლეს შესახებ ჩვენამდე მოღწეული მითოსური ნარატივების ძირითადი თემებია:

1. მეფე ერეკლე თამარ მეფის შვილია, იგი გადაგდებული ყრმაა, რომელსაც „ირმის ძუძუ უწოვნია“ (ანაქრონიზმის, ციკლიზაციის ნიმუში);

2. ხევსურული ნარატივით, თამარი და ერეკლე ცოცხლები არიან, ღმერთთან იმყოფებიან და გაჭირვების ჟამს მიეშველებიან საქართველოს;

3. ერეკლეს ძვლებს მირონი სდის;

4. ერეკლეს ხმალი წმინდაა.

 მრავალსაუკუნოვანმა ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ გამორჩეული პატივი და სიყვარული მიაგო სამშობლოსათვის დამაშვრალ ჩვენს გვირგვინოსნებს როგორც მათსავე ისტორიულ ეპოქებში, ისე – მომდევნო ხანაში; მადლიერმა სახალხო მთქმელებმა მათი განუსაზღვრელი ღვაწლი და თავდადება მითოსურ რანგში აიყვანეს და შთამომავლობას შემოუნახეს ყოვლისშემძლე, ზებუნებრივი ძალებით აღჭურვილი მეფეების მითოსური პორტრეტები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა