ჰაერის ხარისხი ბათუმში: დამაბინძურებლები, ჯანმრთელობის რისკები და მართვის პრიორიტეტები
გუგული დუმბაძე
ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თანამედროვე გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჰაერში არსებული დამაბინძურებლები, განსაკუთრებით კი მტვრის წვრილდისპერსიული ნაწილაკები (PM2.5 და PM10), მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხსა და ურბანული გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. აღნიშნული სემინარის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ და მეცნიერულად დასაბუთებულ ფორმატში წარმოაჩინოს ჰაერის დაბინძურების არსი, მტვრის ნაწილაკების ძირითადი წყაროები, მათი გავრცელების თავისებურებები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ძირითადი ინდიკატორები, ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები, მტვრის ნაწილაკების ეკოლოგიური და ჰიგიენური მნიშვნელობა, აგრეთვე მათი ზემოქმედება ადამიანის სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა და ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სამეცნიერო მასალის განხილვის პარალელურად, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მოქმედ ციფრულ პლატფორმებსა და აპლიკაციებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ასახავენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მიმდინარე მაჩვენებლებს.
გარდა ამისა, სემინარის ფარგლებში განხორციელდება შენობის შიგა ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვა, რაც მონაწილეებს თვალსაჩინოდ დაანახვებს შიგა ჰაერის ხარისხის მნიშვნელობასა და ჯანმრთელ გარემოსთან მის კავშირს. სემინარი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისადმი ინტერესის ზრდას და საზოგადოების უფრო აქტიურ, ინფორმირებულ მონაწილეობას ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვაში.
| უკან |
