სემინარები

2025 წლის 27 ნოემბერს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ელზა ფუტკარაძემ და მეცნიერ-თანამშრომელმა ფატი აბაშიძემ ჩაატარეს სემინარი თემაზე - გიორგი ყიფიანის ცხოვრება - მოღვაწეობის ეპიზოდებიდან.

გიორგი ყიფიანის ცხოვრება - მოღვაწეობის ეპიზოდებიდან.

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია გ. ყიფიანი. სამწუხაროა, რომ გ. ყიფიანის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უცნობია ქართველი მკითხველისათვის. შესაბამისად, საკითხი აქტუალურია. მოხსენებაში მისი პოეზიის მთავარი სატკივარის შესახებაა საუბარი. ბუნებრივია, ეს სრულყოფილ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის მის ლიტერატურულ საქმიანობაზე, თუმცა გვაჩვენებს, როგორი გემოვნების, ღრმა აზრისა და თქმის ხელოვანია პოეტი.

გ. ყიფიანის შემოქმედების თემატიკა მრავალფეროვანია. ჩვენი კვლევის მიზანი  გ. ყიფიანის ერთ-ერთი მთავარი სათქმელის - სამშობლოს მოშორებით გამოწვეული განცდებისა და ტკივილის შესახებ საუბარია. თითქმის ყველა ლექსში ხმიანდება ეს საკითხი და მთელ მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს. პოეტი მძაფრი განცდებით, თქმის კულტურით, დახვეწილობით ნათლად წარმოგვიდგენს  მის სულიერ მდგომარეობას.

ერთია, რას ამბობს, რაზე გვესაუბრება შემოქმედი და მეორე, როგორ, რა ფორმით    მოაქვს მკითხველამდე სათქმელი.  შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი პოეზია თქმის ხელოვანებითაც გამორჩეულია. ეს კი მას ქართული პოეტური ტრადიციების გამგრძელებლადაც  და ორიგინალურ შემოქმედადაც წარმოაჩენს. ვიზუალურ-სმენითი ხატებით, სახასიათო მეტაფორული აზროვნებით, მოულოდნელი შედარებებით, სათქმელს ნათლად, უშუალოდ და ღრმა განცდებით გვანდობს. ენობრივი დახვეწილობა, ვერსიფიკაციულ ფორმათა მრავალფეროვნება, ევფონია თავისთავად საოცარი ხელწერის პოეტად წარმოგვიდგენს მას. სიტყვიერი ოსტატობა, ლექსიკა, დახვეწილი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. ამგვარად მოტანილი სათქმელი ემოციური და ხატოვანია.

აღნიშნული კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გ. ყიფიანის პოეტური ნააზრევი ოდენ ემიგრანტული პოეზიის კუთვნილება როდია. ის მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის სახასიათო, ნიჭიერი და საინტერესო შემოქმედია. შესაბამისად, მას სათანადო ადგილი უნდა მიეჩინოს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა