საქორწინო ტრადიციები დევსქელის ხეობაში
დევსქელის ხეობის ეთნიკური ქართველებისათვის დამახასიათებელი საკვანძო ღირებულებებისა და ნორმების ცოდნა, მათი გაზიარების ხარისხი განსაკუთრებით საქორწინო ურთიერთობებში ჩანს. ხეობის მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებდა ეთნოსის შიდა სივრცეში დაოჯახებას, თუმცა, ისლამის გავლენითა და მათი სასულიერო პირების მოთხოვნით, გარდა რძით დანათესავებულებისა, დაშვებულია ახლო ნათესავებზე ქორწინება.
საქორწინო წინაპირობას ძირითადად წარმოადგენდა ასაკობრივი, ნათესაური დევსქელის ხეობაში ეგზოგამიურობის ტრადიციას იცავდნენ ე.ი. ერთი გვარის წარმომადგენლების ქორწინებას ერიდებოდნენ. დაშვებულია დეიდაშვილებზე, ასევე დედის მოგვარეებზე დაქორწინება. მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელოვნურ ნათესაობას. დასტურდება წარსულში სყიდვითი ქორწინების არსებობა.
ადრე დამახასიათებელი იყო ადრეული ქორწინება. დაქორწინება ხდებოდა როგორც მშობლებთან შეთანხმებით, ისე მათთან შეთანხმების გარეშეც.
ქორწინების ინსტიტუტის შესწავლაში გამოიკვეთა აჭარაში გავრცელებული საქორწინო ციკლის ყველა ეტაპი: წინასაქორწინო, სიტყვის გატანა (ელჩის გაგზავნა), ნიშნის გადაცემა ანუ ნიშნობა, ბოხჩის მიტანა, ნიშანლობა, ნიქაჰი-ქორწინების გაფორმება, ქორწილი, ქორწილის შემდგომი-სადილის მიტანა, ფეხნაქცევად მისვლა, მზითევის//გზითევის მიტანა, განრიდების ინსტიტუტი. ქორწილში იყვნენ დადეები, მაყრები, მახარობლები და სხვანი.
ეთნოგრაფიული მასალებით დამოწმებული ნიშნობა ქართული ტრადიციისაგან განსხვავებით ორსაფეხურიანია: პატარა (მანდილზე წამოცმული ბეჭდის ჩუქება) და დიდი ნიშნობა - ბოხჩის მიტანა. ქორწილის არაერთი მომენტი ეთნოკულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი ზეიმია, რომელშიც მუსიკალური ტრადიციები მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. საკმაოდ ფართო და ორიგინალური ფუნქციით წარმოჩნდა მახარებელი (მახარებელაჲ//მაყარებელაჲ), რაც იძლევა ამ ინსტიტუტის არქეტიპული ვარიანტის გამოვლენისა და არაერთგვაროვანი გააზრების საფუძველს. მახარებლები ორ ეტაპად მიდიოდნენ სიძის ოჯახში, რომლებსაც პირველ შემთხვევაში მიღებული სანოვაგე თავიანთ მაყართან მიჰქონდათ, შემდეგ კი, ჩვეულებრივ სტუმრობდნენ სიძის ოჯახს (შდრ.შ.,ფუტკარაძე,1995:248). ტრადიციული ქართული ქორწილის რეკონსტრუქციის საუკეთესო წყაროა „სიძის გამოცდის“ განსხვავებული წესიც. აჭარაში გავრცელებული „პირბალიშის დაჭერის“ ნაცვლად, მდადეები გამოსაცდელად დედოფლის ოთახში შესულ სიძეს სუფრას ააწევინებდნენ.
დევსქელის მოსახლეობაში შემონახულია სამზითვო წიგნების, ე.წ. „დეფთრების“ დაწერის ტრადიცია. ასევე, ზოგადქართულია ქორწილის შემდგომი საფეხურებიც. ადგილობრივთა ყოფაში სიძის ფეხნაქცევად მისვლის საკმაოდ საკრალიზებული ჩვეულება დამოწმდა მოყვრებში მის პირველ სტუმრობასთან არის დაკავშირებით, რომლის დროსაც სიძე სიდედრს „რძის ფარას ჩამუუდებდა“, სანაცვლოდ კი სიდედრი კვერცხ გუუწითლებდა.
ეთნოლოგიურ მეცნიერებაში ცნობილი განრიდების ჩვეულების გენეზისის შემდგომი კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დევსქელის ხეობაში შეკრებილი მასალები: „წმინდა ზლობაში//რძლობაში“ მამაკაცებთან ჩურჩულით და არა ჟესტებით ლაპარაკი, „ლელ-ლელ ლაპარაკი“, ფუჩი-ფუჩით ლაპარაკი“ და სხვ.
დევსქელის მოსახლეობის ფოლკლორულ მასალებსა და ხალხური შემოქმედების ნიმუშებში შემორჩენილია დედოფლის მოყვანასა და ქორწილთან დაკავშირებული სიმღერები, გართობა, იცოდნენ სუფრის დაკავება და სხვ.
ამრიგად, დევსქელის მოსახლეობის საქორწინო ტრადიციები ზოგადქართულის მსგავსია, თუმცა მასში იკვეთება ლოკალური თავისებურებები, რაც გამოიხატება საქორწინო ეტაპების, მზითვის ინსტიტუტისა და სხვათა თავისებურებებში.
| უკან |
