აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ზურაბ მიქელაძე - 70

სურათი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის ზურაბ მიქელაძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. ბატონ ზურაბ მიქელაძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მკვლევარი ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიისა.

ზურაბ მიქელაძე  დაიბადა 1947 წლის, 30 ივნისს, ქედის რაიონის სოფელ ძენწმანში მრავალშვილიან ოჯახში, ის ოჯახის მე-9  შვილია. 1965 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, სუბტროპიკული კულტურების სპეციალობით,  რომელიც 1972 წელს წარმატებით  დაამთავრა  და მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია. 1973-1985 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრაზე ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, მასწავლებლად. 1982 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა აგრო-ქიმია-სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით, 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აზოტიანი სასუქების ფორმებისა და ნორმების გავლენა ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ახალგაზრდა მცენარეთა ზრდასა და მოსავლიანობაზე“ და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1985-2005 წ. მუშაობს სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ საკონსტრუქტორო ინსტიტუტში ნედლეულის შენახვის ნორმებისა და ნორმატივების ლაბორატორიის გამგედ და დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. ხოლო აღნიშნული ინსტიტუტის რეორგანიზაციის და უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ, 2005 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის, წარმოებისა და გადამუშავების განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად და განყოფილების უფროსად. იმავდროულად არჩეულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.
        
ზურაბ მიქელაძის სამეცნიერო მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ციტრუსოვანი კულტურების წარმოების, სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირება-რეალიზაციის ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შემუშავება-დანერგვა; აჭარაში გავრცელებული ენდემური და ინტროდუცირებული ხეხილოვანი კულტურების, ვაზის, ტყის ნაყოფის მომცემი და სამკურნალწამლო მცენარეულობის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება და საწარმოო პირობებში დანერგვა.

მკვლევარმა შეიმუშავა ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების პროგრამა „მთიანი აჭარა“, რომელიც შევიდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ მიმართულებაში. მის სახელი უკავშირდება პროგრამას „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრობიზნესის განვითარებისათვის ოჯახური და ფერმერული მეურნეობების რესურსების რაციონალური გამოყენება კოოპერატიული გაერთიანებების ბაზაზე“.

ზურაბ მიქელაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჩამოყალიბებული „საქართველოში ციტრუსის წარმოება-განვითარების პროგრამის“ შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. მისი ხელმძღვანელობითა და აქტიური მუშაობით განყოფილების თემატური გეგმიდან გამომდინარე შემუშავდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა “სასოფლო სამეურნეო გაერთიანებების საცდელ-სარეკლამო მოდელების ჩამოყალიბება, აპრობაცია და სრულმასშტაბიანი დანერგვის ორგანიზაცია“. რომელიც განახორციელა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა შესაბამისი დაფინანსების მიღების (80 ათასი ლარი) საფუძველზე. მიღებულმა შედეგებმა კი თავისი ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების, კოოპერატივების“ შესახებ. პროგრამით გათვალისწინებული თითოეული საკითხი და ეტაპი გახდა ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობის ძირითად მიმართულება აჭარაში ჩამოყალიბებული ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების სწავლება-კონსულტირების და სამეურნეო საქმიანობის, ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მარკეტინგული კვლევებისა და შემდგომი ეფექტური მუშაობის თვალსაზრისით.

ზურაბ მიქელაძის უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით 2012-2014 წლებში შემუშავდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ და მისი 25 ქვეპროგრამა.

მკვლევარი აქტიურად არის ჩართული ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ინტეგრაციის სრულყოფის პროცესში. განყოფილებაში წლების მანძილზე შემუშავებული და ახალი ტექნოლოგიები, მიუხედავად თანამშრომელთა რაოდენობრივად მცირე, მაგრამ ინტელექტუალურად მაღალი კვალიფიკაციის საშუალებით სრულად პასუხობს ქვეყნის მასშტაბით აგრარულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის ამოცანებს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ზურაბ მიქელაძეს. მისი უდიდესი გამოცდილება, როგორც სამეცნიერო ისე პედაგოგიურ საქმიანობაში დადებითად აისახა აჭარის საკანონმდებლო ხელისუფლებაში მის მრავალწლიან მუშაობაში, რომლის დროსაც შემუშავდა არა ერთი დარგისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ჩამოყალიბებული საკანონმდებლო კანონპროექტები დადგენილებები და კანონები.

ზურაბ მიქელაძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, ქ. სოხუმში 1980-1984 წლებში და ქ. ქუთაისში ამავე ინსტიტუტში (დევნილობის დროს) 1993-2000 წლები მოწვეული დოცენტის შტატით. ხოლო ბათუმში მის მიერ ჩამოყალიბებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში 1994-2003 წ. კითხულობდა ლექციებს საგანში ხილ-ბოსტნეულის შენახვა და სასაქონლო გადამუშავება. სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ კი ამავე საგანს ასწავლის ს.მ. პროდუქტთა ტექნოლოგიის სპეციალობაზე.

ზ. მიქელაძე არჩეულია აფხაზეთის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად, 1987-1991წლებში სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საკორდინაციო საბჭოს წევრად (ხილ-ბოსტნეულის შენახვის პროგრამის ფარგლებში), 1992-1994 წლებში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის სამეცნიერო საკორდინაციო საბჭოს წევრად მრავალწლიანი კულტურების მიმართულებით.

პარალელურად ეწეოდა შემდეგ საქმიანობას:
- 2009-2015 წ. - აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი აგროტექნოლოგიების  მიმართულებით
- 2003 წ. - აჭარის საპრეზიდენტო საბჭოს წევრი

ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში ეწეოდა  პოლიტიკურ  და საკანონმდებლო  საქმიანობას:
- 2004-2008 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  წევრი ქედის (#80/7 საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატი) და აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

- 2004 წ. -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი.
- 1992-1994 წწ. რუსთაველის საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატთა კავშირი. თანათავმჯდომარე

- 1991-1995 წწ. - აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი

- 1992, 1995, 1999, 2003 წწ. - საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

- 1994-2004 წწ. - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თანათავმჯდომარე და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე

ზურაბ მიქელაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტები:

- 2004-2008 წწ. - მტირალას ეროვნული პარკის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ (ინიციატივის წესით წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მიიღო შესაბამისი კანონები)

- 2004-2008 წწ. - დადგენილებები: მეციტრუსეობის რეაბილიტაციის შესახებ; მეჩაიეობის რეაბილიტაციის შესახებ; აგრარულ სექტორში მცირე მეწარმეობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
      
ბატონმა ზურაბ მიქელაძემ 2008 წელს მიიღო ღირსების ორდენის კავალერის წოდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა