
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილებაში უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბათუმის მე-18 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
შეხვედრის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამეცნიერო გარემოს: მოსწავლეები ჩაერთვნენ შემეცნებით და პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მიზნად ისახავდა მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულების გაცნობას და პროფესიული ინტერესის გაღრმავებას.
მოსწავლეებს მემბრანული ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის გაფილტვრის მეთოდებზე ესაუბრნენ და ექსპერიმენტები ჩაუტარეს ინსტიტუტის მეციერ-თანამშრომელმა ლამზირა კონცელიძემ და ტექნოლოგმა ნუკრი კურცხალიძემ. ჩატარდა ზღვის წყლის ფილტრაცია ელექტროდიალიზურ აპარატზე მისი გაუსნებოვნების და გაუმარილების მიზნით.
მეციერ-თანამშრომელმა ჯეირან ფუტკარაძემ ჰიდროქიმიის ლაბორატორიაში მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრა წყლის ხარისხის მაჩვენებელი პარამეტრები (pH, სიმღვრივე, მარილიანობა, ჟანგბადის შემცველობა, ბიოგენური მაჩვენებლები და სხვა) ტიტრიმეტრული და ინსტრუმენტული მეთოდებით.
მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი, რაულ გოცირიძე მოსწავლეებს ესაუბრა მემბრანების სინთეზის და მემბრანული ტექნოლოგიების გამოყენების სფეროების შესახებ. განხორციელდა ექსპერიმენტი: მემბრანის მიღება ფაზათა ინვერსიის გზით.
უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ავთანდილ ცინცქილაძემ ისაუბრა სორბციულ პროცესებზე, სორბენტების ტიპებზე, მათი გამოყენების პერსპექტივებზე. უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, რუსლან დავითაძემ მოსწავლეებს გააცნო დაბინძურებული წყლების სორბციული გასუფთავების მეთოდები და ამ პროცესში ბუნებრივი თუ ხელოვნური ნარჩენი მასალების გამოყენების პოტენციალი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქიმიური ნაერთების დაყოფის ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების შედარებით ანალიზს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ქიმიის პრაქტიკული გამოყენებისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღნიშნული აქტიობა განხორციელდა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში და ემსახურება მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე სკოლა-უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაძლიერებას.
| უკან |










