
26-27 თებერვალს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნინო კიკნაძე, ინსტიტუტის თემატური გეგმით ,,სასმელი და ბუნებრივი (ზედაპირული და მიწისქვეშა) წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი" გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად, იმყოფებოდა გასვლით საველე-სამეცნიერო ექსპედიციაში.
ექსპედიცია დაიგეგმა აჭარის მაღალმთიანეთის წყაროს წყლების ნიმუშების აღების და საველე გაზომვების ჩატარების მიზნით. აქტივობები განხორციელდა ლოკაციებზე, სოფლები: ჩანჩხალო, ზამლეთი (შუახევის მუნიციპალიტეტი); სოფლები - ვაშლოვანი, ჩაო (ხულოს მუნიციპალიტეტი).
ექსპედიციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქიმიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტებმა: თამთა შავაძემ და მარიამ ირემაძემ, აგრეთვე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სპეციალისტმა მარიამ გოგიტიძემ. ლოკაციებზე უშუალოდ განხორციელდა წყაროს წყლების ორგანოლეპტიკური და ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრის გაზომვები, კერძოდ: ფერი, სუნი, გემო, გამჭვირვალობა, მარილიანობა, ელექტროგამტარობა, ტემპერატურა, pH. წყლების თანმხლები აირების (ჟანგბადი, წყალბადი, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, გოგირდწყალბადი, მეთანი) გაზომვა ჩატარდა პორტატული Gas Detector 6-in-1, რომელიც შეძენილი იქნა ბსუ-ს დაფინანსებით, მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში.
ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა აღნიშნულ ლოკაციებზე აღებული წყლების ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები. მიღებული შედეგების საფუძველზე, ექსპედიციაში ჩართული სტუდენტები მოამზადებენ საკონფერენციო ნაშრომს, აგრეთვე ისინი გამოყენებული იქნება მასალებად სამეცნიერო სტატიისთვის.
| უკან |








