იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს

სურათი

ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო, მეგობრებო და  ბსუ-ს გულშემატკივრებო, მალე დაგვემშვიდობება განვლილი 2019 წელი და შევეგებებით სიახლით, იმედებით სავსე  ახალ 2020 წელს. ყოველი ჩვენგანი  ემოციებით, სიამაყით  და ზოგჯერ სინანულით ემშვიდობება 2019 წელს. ბევრმა შეძლო საკუთარი თავის რეალიზება, ჩანაფიქრის ასრულება, ზოგმა უარყოფითი განცდები და გამოწვევები იწვნია. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ განვლილი წელი ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო რაკურსით მიმდინარეობდა.

ჩემთვის 2020 წლის  დადგომა მნიშვნელოვანია, ახალ წელს  ახალ ამპლუაში ვეგებები. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ერთობლივი ნდობის გამოცხადების შემდეგ, დეკანის პასუხისმგებლობა დამეკისრა. ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ და ვადასტურებ, რომ სრულად მაქვს გააზრებული რას მოელიან ჩემგან და რა სამიზნე ნიშნულებს უნდა მივაღწიო. რასაკვირველია ყველა ჩანაფიქრი, წარმატება მხოლოდ ერთობლივი კომპლექსური და თანმიმდევრული მოქმედებებით მიიღწევა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შესაშური წარმატებები გველოდება.

ჩვენს ფაკულტეტს ყველა რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ მცირე დროში  ბევრად გაიუმჯობესოს არსებული რეიტინგი. მიმდინარე წელს ჩვენ ფაკულტეტს  შევმატეთ ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა სხვა ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჩატარდა რამდენიმე მაღალრეიტინგული აკადემიური, სოციალური და საინფორმაციო ღონისძიება, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა უცხოელმა მეცნიერებმა და პროფესორებმა.

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი განახლდა ახალი პერსპექტიული სპეციალისტებით. მომავალ წელს კიდევ იგეგმება მზარდი საგანმანათლებლო საქმიანობის გათვალისწინებით აკადემიური შემადგენლობის განახლება. გარდა ამისა, 2020 წელი სამართლისთვის ხელახლა გარე შეფასების (აკრედიტაციის) წელია და მჭიდრო, ინტენსიური ერთობლივი მუშაობა გვმართებს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი იურიდიული განათლების კონკურენტუნარიანობა.

ჩვენი მიზანია, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ვაქციოთ რეგიონის განათლების და სოციალური პროცესების ძირითად პლატფორმად. დარწმუნებული ვარ, ფაკულტეტს იმაზე მეტი რესურსი გააჩნია ვიდრე თანამედროვე განათლების უზრუნველყოფისა და გამოწვევებზე რეაგირებისთვის არის საჭირო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, წარმატების, იმედების გამართლების, შესაძლებლობების რეალიზების და ურთიერთპატივისცემის ოცნებების ასრულების, დასახული მიზნების განხორციელების წელი ყოფილიყოს.

პატივისცემით,

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

ლევან ჯაყელი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა