სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: "ედმუნდ ჰუსერლი და ფილოსოფიური ანთროპოლოგია XX საუკუნეში " ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვარდო ბერიძე . სემინარი ჩატარდება 5 ივლისს

დღეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ გავლენიან მიმდინარეობას დასავლეთის ფილოსოფიაში. მის განსხვავებულ მრავალ მიმდინარეობათაგან გამოიყოფა ორი ძირითადი: ბიოლოგიური და ფუნქციონალური, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ადამიანის შემეცნებისა და მისი არსების გამოვლინების კრიტერიუმებით. ფილოსოფიური ანთროპოლოგიის როგორც მეცნიერების მეთოდოლოგიური საფუძვლის მცდელობად მიჩნეულია ჰუსერლის ფენომენოლოგიისა და ფენომენოლოგიური მეთოდის გავრცელება ადამიანის შესახებ მეცნიერებაზე, ადამიანის ფილოსოფიაზე. ჰუსერლის დამსახურებად ითვლება ფსიქიკური ფენომენის დამოუკიდებელი ბუნების აღმოჩენა, რითაც მან გარკვეული ცვლილება შეიტანა მეტაფიზიკური საგნის გაგებაში და ამ უკანასკნელს ადრე (კლასიკაში) ეძებდნენ ტრანსცენდენტალურ სამყაროში. ჰუსერლთან წინა პლანზეა წამოწეული ცნობიერების და არა ყოფიერების კატეგორია, აგრეთვე იდეა უნივერსალურ მეცნიერებაზე, ფენომენზე, მეცნიერებაზე ცნობიერების ფენომენის შესახებ. მის მიერ აღმოჩენილმა იმანენტურმა ცნობიერებამ მოახდინა კლასიკური მეტაფიზიკის დეკონსტრუქცია, სადაც ფილოსოფია უშუალოდ ორიენტირებულია ადამიანზე და მისი ცნობიერების მუშაობაზე და ეს უკანასკნელი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ცენტრალურ პრობლემად და მთავარ თემად წარმოაჩინა. ჰუსერლს ფენომენოლოგიური მეთოდი მისაღებად მიაჩნია ყველა მეცნიერების და მათ რიცხვში ანთროპოლოგისთვისაც. მართალია, მას ცალკე მოძღვრება ადამიანის შესახებ არ ჩამოუყალიბებია, მაგრამ ეს მისთვის არ იყო აუცილებელი. მან შექმნა უნივერსალური მეცნიერება - ფენომენოლოგია, რომელიც დაფუძნებულია „პრინციპების პრინციპზე“ და როგორც აღვნიშნეთ იგი გაავრცელა ყველა მეცნიერებაზე. სემინარის თემაში საუბარია იმაზე, თუ როგორაა დაკავშირებული ფენომენოლოგია და ფილოსოფიური ანთროპოლოგია.მსგავსი კვლევის აქტუალობა განპირობებულია ფენომენოლოგიის შემეცნებითი შესაძლებლობით, რაც გამოიხატება ჰუსერლის კრიტიკასა და „ახალი ფენომენოლოგიის“ ძიებაში. ჰუსერლი შრომაში „ევროპული მეცნიერების კრიზისი და ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“ ამოდის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემიდან. კაცობრიობა იბრძვის „შეიცნოს თავისი თავი“, რაც ჰუსერლისთვის უდიდესი ისტორიული ფენომენია. ჰუსერლის ფენომენოლოგიის მთავარი  პარადიგმაა - ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტური ფაქტორების წვდომა და მათი მოჩვენებითი ირაციონალურობის დაძლევა. შეიძლება ითქვას, რომ ავგუსტინეს სიტყვები: „გარეთ ნუ კითხულობ, შენს თავში შეიქეც. შინაგან ადამიანში სადგურობს ჭეშმარიტება“ - ჰუსერლმა თავისი მოძღვრების ქვაკუთხედად გამოიყენა და დელფოსურ სიტყვას „შეიცან თავი შენი“ - ახალი მნიშვნელობა შეძინა.

zoom ბმული: https://us02web.zoom.us/j/2326852449

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა