სემინარები

აჩრდილი დადის სამყაროში – აჩრდილი რადიკალიზმისა. ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მასაკლინი 9.07.2018 წელი 14:00

ბოლო წლები დაინტერესებული ვარ ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემით - თანამედროვე ადამიანის ცნობიერების რადიკალიზაციით. ეს პრობლემა ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს და რამდენიმე მიმართულებით შეიძლება იქნას შესწავლილი - პოლიტიკური ფილოსოფია, სოციალური ფილოსოფია, ცნობიერების ფილოსოფია, ფსიქოლოგია. ამ თემაზე ვისაუბრე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე და მიუძღვენი ორი სტატია  - ერთი, ქართულ ენაზე, იბეჭდება; მეორე, ინგლისურ ენაზე (ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით), გადის  რეცენზირებას.                                                                                                    

ჩამოვყალიბდეთ ტერმინზე: რადიკალიზმი, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი და ფსიქოლოგიური ფენომენი, შეიძლება გაგებული იქნას როგორც არსებულის მკვეთრი იდეური და ფსიქოლოგიური მიუღებლობა, ისეთი იდეებისა და განწყობების არსებობა, ისეთი ქმედებების და პოლიტიკის გატარება, რომელთა მიზანი ამ არსებულის ძირფესვიანი, რადიკალური გარდაქმნა ან განადგურებაა. მეორეს მხრივ, რადიკალიზმი შეიძლება გამოიხატოს არსებულის, მისდამი პოზიტიური დამოკიდებულების შემთხვევაში,  ყველა შესაძლო ცვლილებებისგან მტკიცე და უაპელაციო დაცვაში, ამ ცვლილებებისადმი მკვეთრ დაპირისპირებაში. რადიკალურის სინონიმურ რიგში შეიძლება განვიხილოთ შემდეგი ტერმინები: შავ-თეთრი  სურათი (და შესაბამისი ხედვა); უკომპრომისო; რევოლუციური; არაშემწყნარებლური.

 მაქვს შემდეგი მოსაზრება, რომ რადიკალიზმი არის კაცობრიობის ისტორიის მარადიული თანამგზავრი, რომელიც  გარკვეულ პირობებში აქტიურდება, და თანამედროვე მსოფლიოში სწორედ ამ პირობებმა იჩინა თავი. მისი ერთერთი გამომწვევი მიზეზი სამყაროში ახალი იდენტობის ძიების დრამატულ პროცესში უნდა ვეძიოთ.

ევროპის „ამოსუნთქვა“  მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან იწყება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ   ფუკუიამას თეორიას ისტორიის დასასრულზე აღსრულება უწერია და თან ძალიან მალე...

„პოსტკოლონიალურმა სინდრომმა და   პოლიტკორექტულობის სოციალურ-პოლიტიკურმა დოქტრინამ ხელი შეუწყო დასავლურ საზოგადოებაში გარკვეული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, მაგრამ, ამავე დროს, გაგებულმა როგორც „წმინდა ძროხა“, შექმნა ახალი იდეოლოგიური ტაბუები, როდესაც ზოგიერთი საკითხის, პრობლემის განხილვა ან საერთოდ იკრძალება ან განიხილება მხოლოდ  გარკვეული შემოსაზღვრული წესებისა და ჩარჩოების საფუძველზე . სწორედ ამ იდეოლოგიური აკრძალვების და ჩარჩოების გამო არ და ვერ მოხდა მთელი რიგი პრობლემებისა და გამოწვევების (რომლებიც თავს დაატყდა დასავლურ სამყაროს) გამოვლინება, მათი სათანადოდ არ და ვერ დანახვა ან მათი მიჩქმალვა.

მერე იყო 11 სექტემბერი... . იყო „შარლ ედო“. იყო და არის მთელი სერია ტერორისტული შეტევებისა და საფრთხეებისა.

გაჩნდა „სუვერენული დემოკრატიის“, „დემოკრატიის ორეულების“ და თითქოსდა საბოლოოდ გამარჯვებული დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის სხვა სისტემური ოპონენტების დისკურსი, - იქნება ეს სახელმწიფოს მშენებლობის რუსული მოდელი, „რადიკალური ისლამის“ პოლიტიკა, თუ საკუთარ რელიგიურ-ფილოსოფიურ და მორალურ ფასეულობებზე დამყარებული აღმოსავლურ-აზიური პატერნალისტური რეჟიმები. მიმდინარეობს მიგრაციის დრამატული პროცესი - შესაძლოა გადამწყვეტი ევროპის იდენტობისათვის. შესაძლოა ეს პროცესი არ არის სათანადოდ არტიკულირებული, მაგრამ სიტუაცია და, შესაბამისად, განწყობები დასავლურ სამყაროში თანდათანობით იცვლება რადიკალურობის მიმართულებით. ტრადიციული ღირებულებების მქონე ევროპელი ადამიანი, როგორიც ის თითქოსდა  საბოლოოდ ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, დღეს უკვე თითქმის არ არსებობს.   ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აკეთებენ  საჯარო განცხადებებს მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხზე ევროპაში

თანამედროვე ადამიანის  ცნობიერების რადიკალიზაცია არ  არის მხოლოდ  ევროპული მოვლენა. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ზე (2016 წლის 7 ნოემბერი). რადიკალიზებულია რუსეთის საზოგადოება. რადიკალიზაციის ფორმატში შეიძლება განხილული იქნას ქემალიზმის პოლიტიკის რევიზიის მცდელობები თურქეთში. ასევე დასავლეთში არსებული ევროსკეპტიკური განწყობები (ბრიტანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია და სხვა).

სრულდება მსოფლიო პოლიტიკური პროცესის გარკვეული ეტაპი. საყოველთაო თანასწორობის მიღწევის საბჭოთა და, ზოგადად, ტოტალიტარული ექსპერიმენტის ჩაშლის შემდეგ, იკვეთება ასევე საყოველთაო თავისუფლების მიღწევის დასავლური ექსპერიმენტის კრიზისი. სოციალური ურთიერთობების დასავლური მოდელის კრიზისულობა, მიგრაციული კრიზისი და დემოკრატიული ინსტიტუტების თანამედროვე სიმულაციური   მეტამორფოზები მთელ სამყაროში ავტორიტარული რეჟიმების წარმოშობის და გაძლიერების ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიან.

რადიკალიზებულია საქართველოს საზოგადოებაც, რომელმაც მხოლოდ 30 წლის წინ დაიწყო  ისტორიაში დაბრუნება, ისტორიის სრულფასოვან სუბიექტად გადაქცევა.  ქართული ცნობიერების დრამატულობა (და ერთგვარი ტრავმატულობაც კი), რომელიც უკვე თითქმის კონსტანტად ჩამოყალიბდა, ცნობიერების რადიკალიზაციის   საუკეთესო ნიადაგს წარმოადგენს. განვიცდით რა ბავშვურ წყენას სამყაროსადმი, ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ იდეალიზებულ და მითოლოგიზებულ წარსულში („დროებითი ვექტორი“). წარსულში, რომელიც პრინციპში არის სიმულაკრი, არის ქიმერა.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პარადიგმაში, რომლის საფუძველი  შავ-თეთრია, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ დისკურს  მხოლოდ არსებული ხელისუფლების შეცვლის სურვილი  წარმოადგენს, და არა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის   სისტემური გარანტიების შექმნა და (ან) ქვეყნის მართვაში თანამონაწილეობა.      

რადიკალიზმი არის როგორც საზოგადოების არაზრდასრულობის, ასევე საზოგადოებაში კრიზისულობის მაჩვენებელი. „კლასიკური“ დასავლეთის ადამიანის ცნობიერების რადიკალიზაციას საზოგადოების არაზრდასრულობას ვერ დავაბრალებთ, ეს უფრო იმ საზოგადოებებს ეხება, რომლებიც „ბრუნდებიან ისტორიაში“ ტოტალიტარული ან კოლონიალური წარსულის შემდეგ. დასავლეთში ცნობიერების რადიკალიზაციის მიზეზს კრიზისულობა წარმოადგენს, რომელსაც კულტურათაშორისო კომუნიკაციის  პრობლემატურობა წარმოადგენს (წარმატებული,  სრულფასოვანი კომუნიკაციის სირთულე იმ კულტურებს შორის, რომლებსაც ფასეულობათა განსხვავებული სისტემა და პრინციპები გააჩნია).


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა