სამეცნიერო კვლევები

მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა

სამეცნიერო პროექტი - მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა #31/73

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია სიხარულიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, მეცნიერ თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ლამზირი გორგილაძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ქეთინო ნაცარიშვილი, მეცნიერ თანამშრომელი ლია ქოიავა, მეცნიერ თანამშრომელი რუსუდან დუმბაძე,  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი სოსო მეფარიშვილი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -  2013-2015 წწ.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინსტიტუტში არსებულ კოლექციაში თავმოყრილი ხორბლის, ქერის, შვრიის, სიმინდის, კარტოფილის, ჩაის, ციტრუსების, ვაზის, თხილის, კივის, სტევიას და ბამიას პათოგენების კულტურათა სიცოცხლისუნარიანობის შემოწმება, პათოგენობის ამაღლება, სტაბილიზაცია  და შტამების შენახვა.
2013, 2014 და 2015 წლების სავეგეტაციო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რაიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად ბოსტნეულზე, სიმინდზე, კარტოფილზე, ციტრუსებსა და სხვა სუბტროპიკულ მცენარეებზე  აღებული ნიმუშებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებული შტამებით გაფართოვდა ფიტოპათოგენთა კოლექცია. ამჟამად კოლექციაშია 26 პატრონ-მცენარიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებული 523 შტამი, მათგან 472 შტამი 65 სოკოვანი პათოგენისაა, ხოლო 51 შტამი - 2 ბაქტერიული პათოგენის. სულ არსებულ კულტურათა კოლექციას შეემატა 24 პათოგენი.
წარმოდგენილი პროექტის მნიშნელოვანი შედეგია ფიტოპათოგენთა სტანდარტული შტამებით წარმოდგენილი ეროვნული კოლექციის შექმნა, კოლექციაში შემავალი შტამების პასპორტიზაცია და მათ საფუძველზე კულტურათა კატალოგის მომზადება. პროექტის  სამეცნიერო სიახლეა საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული 2 დაავადების (კარტოფილის კიბო, კარტოფილის მურა სიდამპლე) და 1 დაურეგისტრი-რებელი დაავადების (კივის ბაქტერიული კიბო) დიაგნოსტირება და შედეგების  გამოქვეყნება რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალში. მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის და ცალკეული მეცნიერის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

კულტურათა კოლექციის საგანმანათლებლო ფუნქციის დასტური იყო ინსტიტუტში ჩატარებული სემინარი აგარარული და საბუნების-მეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორანტებისათვის;  პროექტის ფინანსური ხელშეწყობით გამოცემული მეთოდური მითითებები სოკოვან პათოგენთა გამოყოფა-იდენტიფიკაციაზე, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება სტუდენტების, პედაგოგებისა და მკვლევარებისთვის, რადგან ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელო არ არის. კულტურათა კოლექცია გამოყენებული იქნება კვლევით და სასწავლო პროცესებში. კერძოდ, კოლექციის შინაარსისა და დანიშნულებიდან  გამომდინარე, მასში თავმოყრილი ფიტოპათოგენთა შტამები გამოყენებული იქნება სასელექციო, მცენარეთა დაცვის საშუალებების სკრინინგის პროგრამებში და სხვა. ეს კოლექცია გახდება რეფერენს-რესურსი ცალკეული ახლადშემოჭრილი პათოგენების შესადარებლად უკვე არსებულ შტამებთან და დაავადებათა დიაგნოსტიკის პროცესში მას საცნობარო კოლექციის ფუნქცია ექნება. კულტურათა კოლექცია მნიშვნელოვან  საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს. აგარარული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორანტების სწავლების პროცესში, პრაქტიკულ მეცადინეობებზე იქნება გამოყენებული ე.წ. სამუშაო კოლექციები.

პროექტმა ხელი შეუწყო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტების დონეზე აყვანას, რაც უნივერსიტეტს შეუქმნის მყარ საფუძველს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მონაწილეობის მიღებისა და შესაბამის სამთავრობო სამსახურებთან, ამავე დარგში მოღვაწე ქართველ და სხვა ქვეყნის მეცნიერებთან თანამშრომლობისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა