გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"საკმარისია სტუდენტმა მიზანი დაისახოს"

სურათი

გოგა ბაუჟაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ჯგუფის ხელძღვანელი ამბობს, რომ მისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრება უმნიშვნელოვანესი, რაც გულისხმობს როგორც სალექციო პროცესში აქტიურობას, ასევე საუნივერსიტეტო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. გოგამ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი შექმნა და ორჯერ იყო გამარჯვებული პროექტის ავტორი. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდული სამიტი, ხოლო გასულ სემესტრში „გარემოსდაცვითი სამიტი - 2023“ მოიგო.

_  სკოლიდან უნივერსიტეტამდე საინტერესო პერიოდია. როგორი მოსწავლე იყო გოგა?

_ სკოლის პერიოდიდან საკმაოდ აქტიური ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი სხვადასხვა არაფორმალური კერის წევრი ვყოფილიყავი. სკოლის პერიოდშიც კი, უნივერსიტეტში ჩატარებული არაერთი საინტერესო პროექტის წევრი ვყოფილვარ. ვცდილობდი საკუთარი თავი გამომეცადა ახალ გარემოში და მუდმივად ვერთვებოდი მოსწავლეთა კონფერენციებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში.  აღვნიშნავ, რომ  ვსწავლობდი ქობულეთის სოფელ ზენითის საჯარო სკოლაში. ეს არის ადგილი, სადაც პირველად გადავდგი ნაბიჯი და ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამეხორციელებინა სხვადასხვა მცირე პროექტი, რაშიც სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. მახსოვს, ახალგაზრდები რაოდენ დიდი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი ერთობლივი საქმეების საკეთებლად. სწორედ იმ პერიოდიდან დღემდე ვცდილობ ახალგაზრდებისთვის შევქმნა ისეთი აქტივობები, რითაც ისინი განვითარდებიან.

სკოლის მერხიდან მართალია ,,ზუმ“ პლატფორმაზე მომიწია გადასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის სრულებითაც არ იყო დამაბრკოლებელი, პირიქით, მინდა ვთქვა, რომ მოცემულმა დრომ მომცა იმის შესაძლებლობა, უკეთ შემეფასებინა ჩემი უნარები.  

აქვე გავიხსენებ, რომ პირველი სემინარი უნივერსიტეტში უცხო ენებში ჩაგვიტარდა და ის გარემო, ადამიანები და ლექტორები, რომლებიც გვყავდა, მაქსიმალურად მოსახერხებელ გარემოს გვიქმნიდნენ, სტუდენტებს გვერდში გვედგნენ.

_ გოგა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტობის პერიოდში საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას?

_ საუნივერსიტეტო სწავლების პირველივე სემესტრში, გამიჩნდა იდეა, რომ ის ცოდნა, რაც მქონდა, აუცილებელი იყო გამეზიარებინა ჩემი თანატოლებისთვის. მეგობრებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები საქართველოსთვის“. პროექტი წარვადგინეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სტუდენტური პროექტების კონკურსში. ჩვენმა დიდძალმა შრომამ ნაყოფიც გამოიღო და ახალგაზრდებმა შევძელით, მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით სრულყოფილი პროექტის შექმნა, რომლის ბენეფიციარი 300-ზე მეტი ადამიანი იყო.

ჩვენ არაერთი შეხვედრის ორგანიზატორი ვიყავით, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა. ვმონაწილეობდით შავი ზღვის ლურჯ პოლიტიკაში, სამოქალაქო ჩართულობის სკოლის  მონაწილე ვიყავი და წითელი ჯვრის მოხალისე. აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონის ახალგაზრდული კლუბის ცენტრთან.  უნივერსიტეტის გარეთ საჭადრაკო კლუბ „ნონასთან“ ერთად ჩავატარეთ ტურნირი, რომელშიც ერთიანდებოდა 60-მდე მონაწილე. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდითა და სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით, ჩავატარეთ ზებურ ავალიანის საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 100-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან პროექტებში ჩართულობა გაცილებით გაიზარდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრობის შემდგომ. აქვე უნდა ითქვას, რომ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება თვითონ ქმნის და ახორციელებს პროექტებს, რომელიც მიმართულია სტუდენტების განვითარებისა და წინსვლისთვის.

 ვფიქრობ, თეორიული მასალის სწავლასთან ერთად აუცილებელია სხვადასხვა არაფორმალურ ღონისძიებებსა თუ პროექტებში მონაწილეობა, რადგან ძირითადად მოცემული პროექტების დამსახურებით ვიძენთ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელიც შემდგომში გვეხმარება სამომავლო კარიერის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტი გვაძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო კერაში არა მხოლოდ სასწავლო პერიოდში, არამედ ზაფხულის პერიოდშიც კი. ტარდება სხვადასხვა საზაფხულო სკოლები. მე პირადად ვიყავი ბირთვული უსაფრთხოების საზაფხულო სკოლი მონაწილე, ჟან-მონეს კათედრის საზაფხულო კურსის წევრი. უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას საკუთარი თავი გამოვცადოთ ახალ გარემოში, შევიძინოთ როგორც ცოდნა, ასევე დიდი სანაცნობო წრე, რაც ვფიქრობ,  მნიშნველოვანია.

აქვე აუცილებელია ვთქვა, რომ 4 წელი არც თუ ისე დიდი დროა და მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, რომ სტუდენტური ცხოვრება შევიგრძნოთ, რაც ჩემთვის ნიშნავს საგანმანათლებლო პროცესში, სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას, როგორც დაგეგმარების, ასევე განხორციელების კუთხით.

_  წელს, თქვენ სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვეთ. რა ეტაპების გავლა სჭირდება სტუდენტს ამ წარმატების მისაღწევად?

_ საკმარისია სტუდენტმა დაისახოს მიზანი... როცა ადამიანი აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს და თავს თვლი, რომ ეს შენი საოცნებო პროფესიაა, ვფიქრობ, სტიპენდიის მოპოვება არც თუ ისე ძნელია. ჩემს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ სტიპენდია იყო მოულოდნელი, რადგან ჩემთვის მთავარი დანიშნულებაა მაქსიმალურად მეტი გამოცდილებისა და ცოდნის მიღება. მართალია სტიპენდიანტიც გავხდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი მიზანი განათლებაა.

_ ასევე მოპოვებული გაქვთ მუნიციპალიტეტის სტიპენდია და უფრო დეტალურად რომ გვითხრათ...

_ დიახ, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტიც. როგორც სახელმწიფო სტიპენდიის, ასევე მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოსაპოვებლად საკმარისია უმაღლესი შეფასების ქონა. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი მისაღწევია, მთავარია მუხლჩაუხრელი შრომა განვითარებისთვის.

_ გოგა,  ხართ ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, რამდენად დიდია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო საკითხების მიმართ?

 _ ამ საპატიო თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვეა ვარ და ამ დროის განმავლობაში უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტები საკმაოდ დაინტერესებულები არიან და ცდილობენ სხვადასხვა სამეცნიერო სახის პროექტების შექმნასა და ორგანიზებას. მოგეხსენებათ, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პროექტებს შორის უმაღლესი მწვერვალია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. გასულ წელთან შედარებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაორმაგებულია სტატისტიკური მაჩვენებელი. წელს კონფერენციაზე 400-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტებს მართლაც აინტერესებთ სამეცნიერო საქმე და შესაბამისად, მაქსიმალურად ჩართული არიან კონფერენციაში. ასევე გასათვალისწინებელია სამეცნიერო საზოგადოების დამსახურებაც მოცემული კუთხით. ახალგაზრდები შრომობენ სამეცნიერო კონფერენციის დაგეგმარებაზეც.

აქვე აღვნიშნავ, რომ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი წევრები აირჩევა ყოველი ახალი სასწავლო წლის კენტ სემესტრში, წელიწადში ერთხელ - ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით. საუნივერსიტეტო კონფერენცია ტარდება ყოველ წელს და ამის შესახებ, როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდებზე, ასევე სამეცნიერო საზოგადოების ფეისბუქ გვერდზე განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს  დარეგისტრირება. პირველ რიგში აუცილებელია, რომ სტუდენტური პორტალის მეშვეობით გაიაროს სტუდენტმა რეგისტრაცია, რისთვისაც მხოლოდ აუცილებელია მიუთითოს მეცნიერ-ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა და ნაშრომის სახელწოდება, რომლის დაწერასაც გეგმავს. რეგისტრაციის შემდეგ არის საკმაო პერიოდი, რომ სტუდენტმა ჩაატაროს კვლევა და დაწეროს 10-გვერდიანი ნაშრომი. ნაშრომის ატვირთვის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში შემფასებელი კომისია იქმნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომები არის დაშტრიხული, რაც გამორიცხავს გამსწორებლის მხრიდან  მიკერძოებას. თუ თემა შეფასდა უმაღლეს ქულაზე, უკვე სტუდენტი წარდგება შესაბამის სექციაში და აკეთებს მოკლე პრეზენტაციას. რა თქმა უნდა, მოცემული ეტაპიც ფასდება. უმაღლესი შეფასების შემთხვევაში უნივერსიტეტს აქვს სპეციალური პრიზები დაწესებული, რომელსაც გასცემს სექციების მიხედვით. თითოეულ სექციას თავისი გამარჯვებულები ჰყავს. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელს აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში, რომელსაც უნივერსიტეტი დააფინანსებს.

_ ბოლო პერიოდში მედიაში, სოციალურ ქსელებში აქტიური გახდა ისეთი სიტყვები როგორებიცაა _ Gen Z, მილენიალები, Gen Alpha.  აღნიშნული სიტყვებით  სხვადასხვა დროის თაობებია გამოყოფილი,  რას ფიქრობ თქვენს თაობაზე ?

_ მე ვარ Gen Z-ისა და ,,პიკის“ თაობის წარმომადგენელი, რაც გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღესდღეობით ახალგაზრდები ვართ.

 ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე გადავინაცვლოთ და ვფიქრობ, მე ვარ იმ თაობის წევრი, რომელსაც აქვს მიზანი და შესწევს ძალა, უკეთესი მომავალი შეუქმნას მომავალ თაობას.

_ თქვენ ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე სწავლობთ. ამართლებს თუ არა არჩეული პროფესია თქვენს მიზნებს და რას ურჩევდით აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას?

_   ჩემ მიერ არჩეული პროფესია ნამდვილად ამართლებს ჩემს მიზნებს  და საზოგადოებრივი მეცნიერებებითა და პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევ ჩვენს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებას, სადაც არაერთ აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან და გაიმდიდრებენ ცოდნას.

ჩემი მთავარი რჩევაა აბიტურიენტებისთვის, რომ ნუ ჩაიკეტებიან მხოლოდ ერთ სივრცეში. მართალია მნიშნველოვანია კონკრეტული სპეციალობა, მაგრამ ვუსურვებ, მუდმივად ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში, გაიმრავალფეროვნონ გამოცდილება.

_ პროფესიასთან დაკავშირებული გოგას სამომავლო გეგმები...

_ მუდმივად სხვადასხვა საგანმანათლებლო კერასა და პროექტში ვარ ჩართული. გადაწყვეტილი მაქვს, თავი აკადემიურ სივრცეში გამოვცადო...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა